logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ნიუ-იორკის რესტორნების გამოფენაზე ჩურჩხელის მწარმოებელმა კომპანია "ჩირჩხელამ" პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებები დაიწყო

ნიუ-იორკის რესტორნების გამოფენაზე ჩურჩხელის მწარმოებელმა კომპანია "ჩირჩხელამ" პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებები დაიწყო.

როგორც კომპანიის დირექტორმა ირმა კვაჭანტირაძემ განაცხადა, გამოფენაში მონაწილეობა ქართული პროდუქტის საერთაშორისო ბაზარზე პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

"ეს ჩვენთვის განსაკუთრებული გამოცდილებაა, რადგან ნიუ-იორკის რესტორნების შოუს პირველად ვესწრებით და მით უფრო სასიამოვნოა, რომ მოწვევა თავად ორგანიზატორებისგან მივიღე. ასეთი დონის საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობა ნიშნავს, რომ ქართული ტრადიციული პროდუქტი უკვე იწვევს ინტერესს მსოფლიო კვების ინდუსტრიაში.

Javits ცენტრში გამართული ნიუ-იორკის რესტორნების შოუ აერთიანებს ასობით კომპანიას და პროფესიონალს სხვადასხვა ქვეყნიდან - საკვებისა და სასმელების მწარმოებლებს, რესტორნების ქსელებს, დისტრიბუტორებს, ტექნოლოგიურ კომპანიებსა და სერვისის პროვაიდერებს. ეს არის სივრცე, სადაც ყალიბდება ახალი პარტნიორობები და იქმნება ძლიერი სავაჭრო კავშირები.

გამოფენაზე წინასწარ დაჯავშნილ კომპანიას ჰქონდა B2B შეხვედრების შესაძლებლობა და მათ მნიშვნელოვან ნაწილთან უკვე გვქონდა საუბარი შესაძლო თანამშრომლობაზე. ეს შეხვედრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ასეთ ფორმატში იწყება საერთაშორისო ბიზნეს ურთიერთობები. უკვე ნათელია, რომ წინ კიდევ ბევრი სამუშაო გველოდება - მოლაპარაკებები გაგრძელდება გამოფენის დასრულების შემდეგაც.

ჩემთვის ასევე დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ასეთ პლატფორმაზე წარმოვადგენ ქართულ ტრადიციას და ქართულ კულტურას. ჩურჩხელა არ არის მხოლოდ დესერტი - ეს არის საქართველოს ისტორიისა და კულინარიული მემკვიდრეობის ნაწილი.

მჯერა, რომ ქართული ჩურჩხელა თავისი ბუნებრივი ინგრედიენტებითა და უნიკალური გემოთი ძალიან მალე გახდება არა მხოლოდ საინტერესო აღმოჩენა, არამედ საყვარელი დესერტი რესტორნების მენიუში და სხვადასხვა სავაჭრო ქსელში. ჩვენი მიზანია, რომ ჩურჩხელა მსოფლიო ბაზარზე დამკვიდრდეს როგორც ხარისხიანი, ჯანსაღი და ავთენტური პროდუქტი”, - აცხადებს ირმა კვაჭანტირაძე.

ცნობისთვის, "ჩირჩხელა" ოჯახური ბიზნესია, რომელიც ბაზარზე 8 წელია ოპერირებს და თბილისში (ვაკე) ერთ მაღაზიას ფლობს.

გამოგვყევით