logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

გიორგი დოლიძე: ვცდილობთ, ყველაფერს გამომუშავებული იმუნიტეტით შევხვდეთ

HSC Group-ის დირექტორის  გიორგი დოლიძის შეფასებით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც შემომყვანი, ისე გამყვანი ტურიზმის სექტორზე. 

"ვცდილობთ, ყველაფერს ე.წ. გამომუშავებული იმუნიტეტით შევხვდეთ. ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ არის და სტრატეგია, ვარაუდის დონეზეა", - აღნიშნა გიორგი დოლიძემ. 

მისი თქმით, ტურისტული სეზონი უკვე ახლოვდება და მიმდინარე მოვლენები, როგორც შემომყვანი, ისე გამყვანი ტურიზმისთვის სერიოზული დარტყმაა. 

"წინა წლიდან გამომდინარე, 10%-იან ზრდას და უშუალოდ აპრილიდან 80-90%-იან დატვირთულობას ვვარაუდობდით, თუმცა გარე პირობები ამის მყარ გარანტიას ვერ გვაძლევს. ისრაელი და ემირატები საქართველოს შემომყვანი ტურიზმის და ზოგადად სასტუმროების დატვირთულობაში მოწინავე პოზიციაზეა. რეისების გაუქმება კი, ტურიზმისთვის მნიშვნელოვანი დარტყმაა. თუ აღნიშნული ვითარება 15 მარტის შემდეგ ისევ სტაბილურად გაგრძელდა, მოხდა სხვადასხვა ესკალაციები, ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს სამომავლოდ გაკეთებულ რეზერვაციებზე, რომლებიც პარტნიორებს უკვე დაჯავშნილი აქვთ, მათ შორის გასული წლის შემოდგომიდან. ყველაფერი "თუ"-ზეა დამოკიდებული", - აღნიშნა გიორგი დოლიძემ "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში. 

დოლიძე ხაზს უსვამს, რომ მაღალი სეზონის პერიოდში წინასწარი ჯავშნების გაუქმება სასტუმროებისთვის მტკივნეულია. 

"არანაკლებ მტკივნეულია, როდესაც ეს ხდება დაბალ სეზონზე. რადგან ამ დროს, თითო ჯავშანიც კი მნიშვნელოვანია სასტუმროებისთვის", - აცხადებს გიორგი დოლიძე. 

ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში ვითარება მკვეთრად გამწვავდა - ისრაელსა და ირანს შორის სამხედრო დაპირისპირებაში, ჩართულია აშშ-იც. პარალელურად აქტიურია ირანის მხარდამჭერი ჯგუფები რეგიონში, რაც კონფლიქტს ფართომასშტაბიან რეგიონულ კრიზისად აქცევს. უსაფრთხოების რისკების გამო ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანაში საჰაერო სივრცე დროებით დახურულია, მრავალი საერთაშორისო რეისი გაუქმდა ან შეიცვალა მარშრუტი.

გამოგვყევით