კომპანია "ქარმარკის" დირექტორის ირაკლი კუხიანიძის განცხადებით, ავტომობილების ასაკობრივ შეზღუდვას შედეგი არ ექნება და საჭიროა, ტექინსპექტირების გამკაცრება.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ირაკლი კუხიანიძემ განუცხადა, ასაკობრივი შეზღუდვა ბაზარზე სეგმენტსაც შეცვლის და მომხმარებლები შედარებით იაფიან ავტომობილებზე გადავლენ.
მისივე თქმით, გაყიდვები უკვე 50-60%-ით არის შემცირებული და ბაზარს ახალ წესებთან ადაპტაციისთვის დრო დასჭირდება.
“სექტორი კანონის ძალაში შესვლის მოლოდინშია. პანიკაა სექტორში, გაყიდვები დავარდნილია. დაახლოებით, 50-60%-ით შემცირდა გაყიდვები და სავარაუდოდ, გარკვეული დრო დასჭირდება ყველაფერს, რომ ადაპტაცია მოხდეს და ამ კანონთან შეგუება. აღსანიშნავია, რომ შეგუების მიუხედავად ამ კანონიდან გამომდინარე, გაყიდვები შემცირდება, რადგან ხალხს არ აქვს შესაძლებლობა, რომ 6 წლიანი ავტომობილები შეიძინონ. ბოლო 1 წლის გაყიდვების სტატისტიკით, 60% იყო 6 წელზე უფროსი ავტომობილების რიცხვი. ასევე, ვინც რეექსპორტით არის დაკავებული მათაც უკვე გაუჭირდებათ ამ ავტომობილების შემოყვანა, რადგან საქართველოში ვერ შეძლებენ ავტომობილების დარეგისტრირებას და შესაბამისად, უკვე ერიდებიან ავტომობილების შეძენას.
გარდა ამისა, იქიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობას ახალი ავტომობილების შეძენა მოუწევს - უფრო იაფიანი ბრენდები შემოვა ბაზარზე. ადრე, თუ ყიდულობდნენ Mercedes, BMW-ს და ა.შ. ახლა სეგმენტი შეიცვალა და გადავალთ იაფიან სეგმენტზე. მაგალითად, 6 წლის Porsche თუ 30 000 დოლარი ღირს, 6 წლის Ford 8 000 შეიძლება ღირდეს. შესაბამისად, გვაქვს მოლოდინი, რომ უფრო დაბალ სეგმენტზე წამოვა მოთხოვნა.
გამოცდილმა კომპანიებმა 6 წელზე მეტი ავტომობილების გამოწერა უკვე გავაჩერეთ, რადგან ვერ მოვასწრებთ ავტომობილების კონტეინერში ჩატვირთვას და თუ 1-ელ აპრილამდე ჩატვირთული არ არის ეს მანქანა აქ ვეღარ დარეგისტრირდება. ამერიკაში უამინდობა იყო და ესეც გადაზიდვებს საშიშროებას უქმნიდა, გარდა ამისა საომარმა მდგომარეობამაც შექმნა საშიშროება, რომ ვადებში ვერ ჩავტეულიყავით, ამიტომ ჩვენ დიდი ხანია გამოწერები გავაჩერეთ.
ვინც ყიდულობს ავტომობილს, თავისი რისკით ყიდულობს - თუ მოესწრება, მოესწრება, თორემ გარანტიას ვერ ვაძლევთ. სარეკლამო კამპანიები ვნახე, რომ მომხმარებლებს ჰპირდებიან, თავისი პასუხისმგებლობით ჩაუტვირთავენ 1-ელ აპრილამდე კონტეინერებში ავტომანქანებს, რაც ძალიან დიდი რისკების ქვეშ არის.
ჯერჯერობით ელექტრო ავტომობილებზე მოთხოვნა არ გაზრდილა, რადგან არ აქვთ რისკი, რომ მერეც რომ შემოიყვანონ რაიმე პრობლემა შეექმნებათ. საერთო ჯამში გაზრდილია ელექტრო ავტომობილებზე მოთხოვნა. ადრე საშიშროება ჰქონდათ, რომ შესაძლოა ნაწილი არ ყოფილიყო ან შესაბამისი სახელოსნო, თუმცა დღეს უკვე ხელმისაწვდომობა ყველაფერზეა. სამომავლოდ ვფიქრობთ, რომ ელექტრო მანქანებზე მოთხოვნა გაიზრდება.
ასაკობრივი შეზღუდვით ჩვენ შედეგს ვერ მივიღებთ - უნდა გამკაცრდეს ტექდათვალიერების სისტემა. მაგალითად, 2017 წლიანი Porsche სრულიად გამართულია და ეკოლოგიის მხრივ პრობლემას არ წარმოადგენს და არ შეიძლება 2020-იანი Ford Escape მას სჯობდეს. შესაბამისად, ასაკობრივი შეზღუდვა არასწორია, უნდა შეზღუდული ტექნიკური პარამეტრებით. სექტორი აღნიშნულ კანონს არ ემხრობა. კანონთან დაკავშირებით კომუნიკაცია და კონსულტაციები არავისთან არ გვქონია”, - განაცხადა ირაკლი კუხიანიძემ.
ცნობისთვის, 2026 წლის 1 აპრილიდან საქართველოში 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის მსუბუქი ავტომობილების იმპორტი და პირველადი/დროებითი რეგისტრაცია იკრძალება.