ფოტოგრაფია, როგორც ბიზნესი, სტაბილურად მზარდი დარგია მთელ მსოფლიოში და მისმა ბრუნვამ, სხვადასხვა კვლევის მიხედვით, გასულ, 2025 წელს 58 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
სექტორის შემოსავლების ზრდაა ნავარაუდევი მომდევნო წლებშიც. ანალიტიკოსები ელიან, რომ მიმდინარე წელს, ფოტოგრაფიიდან მიღებული გლობალური შემოსავლები 60 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს, 2035 წლისთვის კი - 90 მილიარდ დოლარს გაუტოლდება.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ Lukoni Studio-ს დამფუძნებელმა ლუიზა ბალოზიანმა განუცხადა, ფოტოგრაფიაზე, როგორც სერვისზე მოთხოვნას უმეტესად საჭიროებაზე დაფუძნებული მოთხოვნა განაპირობებს. კერძოდ, ვიზუალური კონტენტი დღეს თითქმის ყველა ბიზნესში აუცილებელია — ელექტრონული კომერციიდან და სოციალური მარკეტინგიდან დაწყებული, კორპორაციული ბრენდინგით დასრულებული.
„ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, ეს ინდუსტრია და მასში არსებული კონკურენცია მზარდია საქართველოშიც და სულ უფრო მეტი ფოტოსტუდია ჩნდება, რომელიც ფიზიკურ, თუ იურიდიულ პირებს საკუთარ მომსახურებას სთავაზობს. დღეს, ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მოთხოვნადი საქორწილო ფოტოსესიებია. ასევე, მაღალია მოთხოვნა სადღესასწაულო დღეებში, მაგალითად - დიდი პოპულარობით სარგებლობს საახალწლო ფოტოსესიები, საბავშვო ფოტოსესიები. ცხადია, დღითი დღე მზარდია ბიზნესსექტორის საჭიროებაზე მორგებული ფოტოსესიების რიცხვიც“, - აღნიშნა ლუიზა ბალოზიანმა.
მან მსოფლიოს ფოტოხელოვნებაში დღეს არსებულ ტენდენციებზეც ისაუბრა და თქვა, რომ უკვე წარსულს ჩაბარდა ზედმეტად დამუშავებული, „პლასტიკური“ ფოტოები.
„ახლა უპირატესობა ენიჭება ბუნებრიობას, როგორიცაა კანის დაუმუშავებელი სტრუქტურა, ნაოჭები და ბუნებრივი ემოციები. ასევე პოპულარულია განძრახ ბუნდოვანი ე.წ „ბლარი“ კადრები. ამასთან, საგრძნობლად განვითარდა ფირის ფოტოგრაფიაც. აქვე ხაზგასასმელია ისიც, რომ ბაზარზე აქტიურად შემოიჭრა ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული გამოსახულებები, თუმცა, მიმაჩნია, რომ ხელოვნური ფოტოები ნამდვილს ვერასდროს ჩაანაცვლებს“, - განმარტა Lukoni Studio-ს დამფუძნებელმა.
მისივე თქმით, საქართველოში ფოტოგრაფია სათავეს ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან იღებს, თუმცა სოციალური მედიის განვითარებასთან ერთად, ფოტოსესიების კულტურა საქართველოში ძალიან დაიხვეწა და თუ ადრე, ის ფუფუნების საგნად მიიჩნეოდა, დღეს თითქმის ყველასთვის ხელმისაწვდომი სერვისი გახდა.
ცნობისთვის, Lukoni Studio მომხმარებელს როგორც სტუდიურ, ისე გარე ფოტოსესიებს სთავაზობს. კომპანია ამჟამად გაფართოების გეგმებზე მუშაობს და შედარებით მცირე ზომის, ე.წ სახლური სტუდიიდან, უახლოეს პერიოდში, დიდ სივრცეში გადავა. Lukoni Studio-ს ახალი სტუდიის მშენებლობა, თითქმის, უკვე დასრულებულია და იქ მისულ მომხმარებელს, მალე, სხვადასხვა ჟანრის საფოტოსესიო სივრცეები დახვდება.