ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო განაგრძობს „5000 დამწყები IT სპეციალისტის მომზადების პროგრამას” და აცხადებს მიღებას მეოთხე ნაკადზე. ახალი ეტაპის ფარგლებში, პროგრამით დამატებით ისარგებლებს 1000 დაინტერესებული პირი, რომელთაც ექნებათ შესაძლებლობა, დაეუფლონ თანამედროვე ციფრულ უნარებს და დაიწყონ კარიერა ტექნოლოგიების სფეროში.
პროგრამა წარმოადგენს Do IT in Georgia ინიციატივის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს IT სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის თანამედროვე, პრაქტიკაზე ორიენტირებული ტრენინგების ჩატარებასა და მათთვის კარიერული წინსვლის ხელშეწყობას. ინიციატივა აერთიანებს ისეთ პროგრამებს, როგორებიცაა „5000 დამწყები IT სპეციალისტის მომზადების პროგრამა“, Code-IT, ანITა.
მეოთხე ნაკადის ფარგლებში გაფართოვდა სასწავლო მოდულების სია და დაემატა AI მიმართულება, რომელიც მოიცავს კურსებს: AI Engineering & Data Creative AI და Prompting, ასევე მართვის მიმართულებას დაემატა IT ბიზნეს ანალიზის კურსი.
ინტეგრირებული ონლაინ პლატფორმა edu.doit.gov.ge შექმნილია იმისთვის, რომ მოქალაქეებს მარტივად მიუწვდებოდეთ ხელი სახელმწიფო, დონორი ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის მიერ მხარდაჭერილ IT კურსებზე. პლატფორმა ერთ სივრცეში აერთიანებს ინფორმაციას ხელმისაწვდომ ტრენინგებზე და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს კარიერული გზის დაგეგმვას ციფრულ სექტორში.
რეგისტრაცია 29 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. პროგრამაში ჩასართავად საჭიროა ვებგვერდზე https://edu.doit.gov.ge/ მომხმარებლის რეგისტრაცია, საბაზისო უნარების კატეგორიიდან კურსების არჩევა და შესარჩევი ეტაპის - გამოცდის გავლა, რომლის შესახებ მომხმარებლები პლატფორმაზე მითითებულ ელ.ფოსტაზე მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას.