ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან დარგში მიმდინარე რეფორმებსა და სამთავრობო გადაწყვეტილებებზე ისაუბრა, რომელთა მიზანია სექტორში ინვესტიციების მოზიდვა, შიდა ენერგოგენერაციის მოცულობის ზრდა და ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლება.
შეხვედრას მზის ელექტროსადგურების მშენებელი კომპანიების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
როგორც შპს "შაინ ენერჯის" დამფუძნებელმა დირექტორმა ნინო გადელიამ აღნიშნა, სახელმწიფოს როლის, ჩართულობის და აქტივობების გარეშე დარგის განვითარება შეუძლებელია.
„პირდაპირ და გახსნილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კერძო სექტორი ვგრძნობთ სახელმწიფოს როლს და ჩართულობას, რადგან ეს პირისპირ შეხვედრებიც პირდაპირ გავლენას ახდენს რეალურად სექტორის განვითარებაზე, რომ გამჭვირვალედ ხდება პროცესის წარმართვა, ინფორმაციის გაზიარება იმის შესახებ, თუ რა გამოწვევებია, რა გეგმები ისახება, როგორ მოხდება ინფრასტრუქტურისა და გენერაციის ობიექტების განვითარება“ - თქვა ნინო გადელიამ.
შპს ფოტომეტ-კავკასიის გენერალური დირექტორის დავით ტყეშელაშვილის განცხადებით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ბიზნესს ასეთი მხარდაჭერა და გვერდით დგომა აქამდე არ ჰქონია და სახელმწიფოს როლი ნამდვილად ძალიან დიდია. მისი თქმით, სახელმწიფო ძალიან აქტიურად არის ჩართული, რომ განვითარდეს ენერგეტიკა საქართველოში და ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ მიაღწიოს იმ ნიშნულს, როცა ვიქნებით ენერგოდამოუკიდებლები.
შეხვედრა „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ (GREDA) ორგანიზებით გაიმართა.