ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, მარტში ჯავშნების 70% გაუქმდა, - ამის შესახებ Gudauri Lodge-ს დირექტორმა ანდრო ვლასოვმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული ჯავშნები ისრაელიდან და გალფის ქვეყნებიდან იყო.
"შეინიშნება საკმაოდ დიდი გაუქმების ტენდენცია. ჯერჯერობით სხვა თვეების ჯავშნები არ არის გაუქმებული და გვაქვს იმედი, რომ მდგომარეობა დასტაბილურდება და ჯავშნების გაუქმება აღარ გაგრძელდება.
ამჟამად, სასტუმრო 30%-იანი დატვირთულობით მუშაობს, მათ შორის, დამსვენებლები არიან ებრაელები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში იმყოფებოდნენ ომის დაწყებამდე, ასევე არიან ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან. ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ 100%-იანი დატვირთულობით ვიმუშავებდით, თუმცა ამ მდგომარეობამ რეალობა შეცვალა.
თუ ეს სიტუაცია დიდხანს გაგრძელდა იძულებული ვიქნებით სხვა ქვეყნის ბაზრები უფრო აქტიურად მოვიზიდოთ. ზაფხულის თვეებში უფრო აზიური ბაზრებიდან გვყავს სტუმრები და მათ შორის, ქართველები, ხოლო ზამთარში დამსვენებლების კლასიფიკაცია იცვლება.
ჩვენ შევინარჩუნეთ ფასები და კორექტირებას არ ვაპირებთ, თუმცა მომხმარებლებს სხვადასხვა ფასდაკლებას ვთავაზობთ. გვაქვს მოლოდინი, რომ აღდგება ავიამიმოსვლა და მალევე შეივსება ეს დანაკლისი", - აცხადებს ანდრო ვლასოვი.
ცნობისთვის, გუდაურში მდებარე სასტუმრო Gudauri Lodge 121 ნომერს, სპას, სათხილამურო მაღაზიას და 2 რესტორანს მოიცავს.
შეგახსენებთ, რომ ახლო აღმოსავლეთში ვითარება მკვეთრად გამწვავდა - ისრაელსა და ირანს შორის სამხედრო დაპირისპირებაში, ჩართულია აშშ-იც. პარალელურად აქტიურია ირანის მხარდამჭერი ჯგუფები რეგიონში, რაც კონფლიქტს ფართომასშტაბიან რეგიონულ კრიზისად აქცევს. უსაფრთხოების რისკების გამო ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანაში საჰაერო სივრცე დროებით დახურულია, მრავალი საერთაშორისო რეისი გაუქმდა ან შეიცვალა მარშრუტი.