logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

ლევან ვეფხვაძე შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის PMI სტატუსის მინიჭებაზე - "ეს მწვანე შუქია ევროპული კომპანიებისთვის"

ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის „ორმხრივი ინტერესის პროექტის“ (PMI) სტატუსის მინიჭება ამ პროექტს აძლევს განვითარების მნიშვნელოვან პერსპექტივას.

„ამ ეტაპზე ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი გვაქვს ინვესტიციებისთვის. თუმცა აუცილებელია, ინვესტორმა დაინახოს ელექტროენერგიის გასაღების ბაზრები. დღეისათვის საქართველოსთვის ელექტროენერგიის საექსპორტოდ ყველაზე კარგი ადგილი არის თურქეთი. შემდგომში კი გახდება ევროპა. განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა მათ მოთხოვნა აქვთ სწორედ იმ ტიპის, განახლებად ენერგიაზე რომლის განვითარების პერსპექტივა გვაქვს ჩვენ,“-აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

როგორც მან „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში სტუმრობისას განმარტა, ზოგადად სისტემის სტაბილურობისთვისაა აუცილებელი ასეთი ტიპის პროექტები.

„თუ ჩვენ ვფიქრობთ მსხვილი მზისა და ქარის ელექტროსადგურების განვითარებას, აქ არის არამხოლოდ სეზონური, არამედ დღეღამური და წუთობრივი ცვალებადობა და რაც უფრო კავშირები ძლიერი გაქვს მეზობელ ქვეყნებთან, რაც უფრო მეტი ტექნიკური შესაძლებლობები არსებობს, მით მეტი გარანტია გაქვს, რომ ელექტროენერგიის გათიშვები აღარ გექნება. შესაბამისად, ქსელის სტაბილურობისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი,“-განმარტა ლევან ვეფხვაძემ.

მისივე თქმით, პროექტში ჩართულ ერთ-ერთ მხარეს, აზერბაიჯანს აქვს გეგმები განახორციელოს მნიშვნელოვანი პროექტები, მაგალითად, ქარის მსხვილი პროექტები. 

„ამ პროექტებსაც სჭირდება სტაბილურობა. როცა ელექტროენერგიის გადადინება იქნება თავისუფალი, მითუმეტეს ისეთ ქვეყნებში სადაც ელექტროენერგიაზე ტარიფები არის მაღალი, ეს შესაძლებლობებს ზრდის. თუმცა ამ პროექტში ჩვენ დაგვჭირდება მაღალტექნოლოგიური შესაბამისი გამოცდილების მქონე ევროპული კომპანია, როგორც პარტნიორი, იმის გამო რომ ევროპული პროექტია. ვფიქრობ, ხედვა, რომ ევროპული კომპანია ჩაერთოს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტში, ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან გაჩნდება ნელ-ნელა. სწორედ ამ მიმართულებით და ახლა ვხედავთ ძალიან მნიშვნელოვან ინტერესს ევროპული კომპანიების მხრიდან ამ პროექტის მიმართ და არამხოლოდ ამ პროექტის მიმართ. ეს მწვანე შუქია ევროპული კომპანიებისთვის, რომ მათ მოსინჯონ ნიადაგი საქართველოში იმ ენერგეტიკულ პროექტებში, რომლებიც ბოლომდეა მისაყვანი.“-აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

შეგახსენებთ, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს (BSSC), რომელმაც საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს, ევროკომისიამ „ორმხრივი ინტერესის პროექტის“ (PMI) სტატუსი მიანიჭა. ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული. 

მათივე გადაწყვეტილებით, „საერთო ინტერესის პროექტებისა“ (PCI) და „ორმხრივი ინტერესის პროექტების“ (PMI) სტატუსი ევროკომისიამ სულ 235 საზღვრისპირა ენერგეტიკულ პროექტს მიანიჭა. როგორც ევროკომისიაში აღნიშნავენ, ამ 235 საზღვრისპირა პროექტის მხარდაჭერით, ევროკომისია ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ ენერგეტიკულ კავშირს აძლიერებს.

შერჩეული პროექტები ევროკავშირის დაფინანსების მიღებას შეძლებენ და დაჩქარებული ნებართვის გაცემისა და დაჩქარებული მარეგულირებელი პროცედურებით ისარგებლებენ, რაც მათ რეალიზაციასა და დროულ მიწოდებას შეუწყობს ხელს.

ცნობისთვის, „ორმხრივი ინტერესის პროექტის“ სტატუსის (PMI) მოსაპოვებლად ევროკომისიამ PCI (Projects of Common Interest)/PMI (Projects of Mutual Interest) პროექტების მიღების კონკურსი 2024 წელს გამოაცხადა, სადაც, სხვა ქვეყნების მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, წარდგენილი იქნა „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“.

„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ ითვალისწინებს მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ქსელის მოწყობას, რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები. მსოფლიო ბანკის დაფინანსებითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ უკვე განახორციელა პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომლის შედეგად დადგინდა, რომ პროექტი პერსპექტიული და ტექნიკურ-ეკონომიკურად განხორციელებადია.

პროექტის თანახმად, 1155 კილომეტრი სიგრძის კაბელი რუმინეთს დაუკავშირდება, რაც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და რუმინეთს საშუალებას მისცემთ, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ ელექტროენერგიით ვაჭრობა.

ეკონომიკა

გამოგვყევით