საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო კონკურსის „ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის” ერთ-ერთმა გამარჯვებულმა აქსელერატორმა Plug and Play-მ აქსელერაციის პროგრამის პირველი ფაზა - Founder-Market Fit დაიწყო, რაც მოიცავს ორთვიანი ინტენსიური სწავლებისა და მენტორინგის პერიოდს შერჩეული სტარტაპებისთვის.
„ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა” ადგილობრივი და რეგიონული სტარტაპების მხარდაჭერის კიდევ ერთი მექანიზმია, რომელიც დაეხმარება განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფ ინოვაციურ სტარტაპებს გლობალურ ბაზარზე გასვლაში, ინვესტიციების მოზიდვასა და განვითარებაში.
პროგრამა ხელს შეუწყობს ტექნოლოგიური და ინოვაციური გადაწყვეტილებების განვითარებას და შეიტანს წვლილს საერთაშორისო ასპარეზზე ქართული კომპანიების კონკურენტული უპირატესობის გაძლიერებაში. გარდა ამისა, დაეხმარება სტარტაპ კომპანიის დამფუძნებლების უნარებისა და ცოდნის განვითარებას და მათ მზაობას მასშტაბირებადი ბიზნესის შესაქმნელად, ასევე მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის განვითარებასა და პროდუქტების პოზიციონირებას.
Plug and Play მსოფლიოს ერთ-ერთი მსხვილი სტარტაპების აქსელერატორი 2006 წელს დაფუძნდა აშშ -ში, დღეს წარმოდგენილია 50-ზე მეტ ქალაქში და ახორციელებს აქსელერაციის 60-ზე მეტ პროგრამას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მათი პორტფოლიო აერთიანებს 2,500-ზე მეტ სტარტაპს, რომლებმაც მოიზიდეს 12 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი დაფინანსება. Plug and Play არის გლობალური ინოვაციური ეკოსისტემის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გავლენიანი მოთამაშე, მათი მისიაა ტექნოლოგიური პროგრესის წახალისება მსოფლიოს წამყვანი ინოვაციური პლატფორმის შექმნით.
“ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამაში” სულ ოთხი საერთაშორისო აქსელერატორი - Plug and Play, Startupbootcamp, 500 Global და Founder Institute - მონაწილეობს. აქსელერაციის პროცესი უკვე დაიწყეს Startupbootcamp - მა და Plug and Play-მ, ივლისიდან კი პროგრამას შეუერთდება 500 Global და Founder Institute. პროგრამა დაეხმარება განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფ ინოვაციურ სტარტაპებს გლობალურ ბაზარზე გასვლაში, ინვესტიციების მოზიდვასა და განვითარებაში.