logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

"ეს ჩვენთვის იყო მინიშნება, რომ შესაძლოა, სამხრეთ კორეაც გახდეს სამიზნე ბაზარი, ვიწყებთ მის დატესტვას" - Tasteit

ქართული სტარტაპი Tasteit, რომელიც გაცნობის ორიგინალურ აპლიკაციას წარმოადგენს და ადამიანებს გასტრონომიული გემოვნების მიხედვით აკავშირებს, საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოებას განაგრძობს.

როგორც საქართველოს რადიოს ეთერში, „ბიზნესპარტნიორის“ რუბრიკის ფარგლებში, Tasteit-ის თანადამფუძნებელმა  თეო გონგლაძემ განაცხადა, სტარტაპი წელს აზიური ბაზრის დატესტვას იწყებს.

„როგორც იცით, საქართველოს გარდა, უკვე აქტიურად ვოპერირებთ ნიუ-იორკსა და ბერლინში, სადაც საკმაოდ მაღალია მომხმარებლების ჩართულობა მიუხედავად იმისა, რომ ამ ბაზრებზე მარკეტინგული კამპანიები ჯერ არ განხორციელებულა და თანხა საერთოდ არ დაგვიხარჯავს. უცხოურ ბაზრებზე არსებულ ინტერესზე საუბრისას, მინდა აღვნიშნო ძალიან საინტერესო ფაქტიც: ჩვენდა გასაოცრად, Tasteit-ის მიმართ ინტერესი გამოიკვეთა აზიიდან. კერძოდ, ჩვენს აპლიკაციაში დარეგისტრირდნენ მომხმარებლები სეულიდან, სამხრეთ კორეიდან. როგორც ჩანს, რომელიმე სოციალურ ქსელში აღმოაჩინეს ჩვენი ვიდეოები და დაინტერესდნენ. ეს ჩვენთვის იყო მინიშნება, რომ შესაძლოა, სამხრეთ კორეაც იყოს ჩვენი სამიზნე ბაზარი და წელს ვიწყებთ მის დატესტვას, მომხმარებლის უკუკავშირიდან გამომდინარე“, - განმარტა თეო გონგლაძემ.

მისივე ინფორმაციით, 2026 წელს Tasteit-ის გეგმებში უკვე არსებულ უცხოურ ბაზრებზე - კერძოდ, აშშ-სა და გერმანიაში ცნობადობის გაზრდაც შედის.

„როგორც იცით, ჩვენი საქმიანობის თითქმის 3 წლის განმავლობაში, დაფინანსებისა და გრანტების სახით, უკვე მოზიდული გვაქვს 200 000 ევროზე მეტის ინვესტიცია. ახლაც ვმუშაობთ მომდევნო ინვესტიციებზე, რომლებიც ძირითადად სწორედ საერთაშორისო ბაზრებზე ცნობადობის გაზრდას მოხმარდება“, - აღნიშნა Tasteit-ის თანადამფუძნებელმა.

მან აპლიკაციის მომდევნო განახლებებზეც ისაუბრა და თქვა, რომ თუ ახლა, Tasteit ერთმანეთთან 2 ადამიანს აკავშირებს, სულ მალე ნადიმების ფუნქციაც დაემატება და უფრო მეტ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, შეიკრიბოს და ერთად წავიდეს საკვებად.

მაგალითად, მინდა ხინკალი, მაგრამ ჩემს მეგობრებს არ სცალიათ. სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად, ჩვენს შემდგომ განახლებაში ვგეგმავთ, რომ დავამატოთ ჯგუფური ნადიმების ფუნქცია. პირობითად, შევქმნი ნადიმს ხინკალთან დაკავშირებით, ვინც ნახავს და ასევე ენდომება ხინკალი, გამომიგზავნის თხოვნას, მე დავეთანხმები. ასე შევიკრიბებით რამდენიმე ადამიანი, თან ერთმანეთს გავიცნობთ, თან წავალთ, ერთად შევჭამთ ხინკალს“, - განმარტა თეო გონგლაძემ.

შეგახსენებთ, Tasteit განსხვავებული კონცეფციის პლატფორმაა, რომელიც ადამიანებს არა ფოტოების, არამედ კერძების მოწონებით აკავშირებს. ის, დაახლოებით, 3 წლის წინ შეიქმნა და დღეისათვის, თვიურ ჭრილში, 60 000-ზე მეტ აქტიურ მომხმარებელს აერთიანებს.

გამოგვყევით