მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ - ბიზნესის მოლოდინებზე აგება არ შეიძლება, - ამის შესახებ „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარემ ვახტანგ იობაშვილმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, სექტორი მთლიანად იმპორტირებულ პროდუქციაზეა დამოკიდებული და ამიტომ წინასწარ ფასების განსაზღვრა რთულია.
"მე ყოველთვის თავს ვიკავებ და წინასწარ არ ვაკეთებ განცხადებებს. ბიზნესის მოლოდინებზე აგება არ შეიძლება. მინდა გითხრათ, რომ მსოფლიო სანავთობო ბაზრებზე ყოველ დღე იცვლება ფასები. შესაბამისად, რა და როგორ იქნება ამას განვსაზღვრავთ. ჩვენ დამოკიდებული ვართ ყიდვაზე და გაყიდვაზე. ჩვენი სექტორი მთლიანობაში დამოკიდებულია იმპორტირებულ პროდუქტზე, ამიტომ ჩვენ არ ვიცით იმ დღეს რა იქნება, პლაცების ფასი რა იქნება, ამიტომ მოვლენებს წინ ნუ გავასწრებთ. დღეს მოვისმენთ მოსაზრებებს და შემდეგ განვსაზღვრავთ რა და როგორ იქნება.
აქციზი ვის უნდა მოაკლდეს?! ის ხომ მოაკლდება სახელმწიფოს და მის სოციალურ ინსტიტუტებს?! ამიტომ აქციზის გამოკლება გამოსავალი მაინც და მაინც არ მგონია. ჩვენ გვეტყვიან ასე, მოვიქცევით ასე, დაგვიწერენ ასეთ კანონს და ვალდებულები ვართ დავემორჩილოთ", - აცხადებს ვახტანგ იობაშვილი.
შეგახსენებთ, რომ პრემიერმა 2025 წლის ბოლოს განაცხადა, რომ სასურსათო პროდუქტებზე ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც დიდია.
მთავრობის მეთაურის თქმით, ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს. პრემიერმა აღნიშნა, რომ მოგების მაღალი მარჟის პირობებში, კომპანიები მარკეტების ქსელს სწრაფად აფართოებენ.
მისივე თქმით, წინასწარი ანალიზის საფუძველზე, შეიძლება გამოიკვეთოს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომელიც მაღალ ფასნამატს და შესაბამისად, მაღალ ფასებს განაპირობებს. მათ შორის, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ.
ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით შექმნილია სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. პირველი სხდომა 20 იანვარს გამართა. 21 იანვარს კი, კომისიის წარმომადგენლები პროდუქტის მაღალ ფასებთან დაკავშირებით სუპერმარკეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 22 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე ათეულ სადისტრიბუციო და სასურსათო პროდუქტის რეალიზაციის ქსელში შევიდნენ და დოკუმენტაცია მოითხოვეს. 23 იანვარს "ფასების სამთავრობო კომისიამ" შეხვედრა დისტრიბუტორებთან გამართა.
26 იანვარს მარკეტების და დისტრიბუციის შემდეგ "ფასების სამთავრობო კომისია" მწარმოებლებს შეხვდა. 28 იანვარს კომისია ფარმაცევტებს შეხვდა. დღეს კი საწვავის ფასებთან დაკავშირებით, პრემიერი ნავთობიმპორტიორებს ხვდება.