logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"ენგურს შეუძლია რეგიონალური სადგურის ფუნქცია შეასრულოს" - დავით მირცხულავა

ენგურს არამხოლოდ საქართველოს უზრუნველყოფა შეუძლია, თუნდაც სარეზერვო სიმძლავრეებით, არამედ შეუძლია რეგიონალური სადგურის ფუნქცია შეასრულოს, - ამის შესახებ საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მირცხულავამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა. 

მისივე ინფორმაციით, სადგურის არასწორი დატვირთვის რეჟიმი და არსებული გამოწვევები ხელს უშლის ენგურის სრულფასოვან გამოყენებას.

"ენგურის აფხაზური პრობლემის გამო, სამწუხაროდ, წლებია უკვე თავის ფუნქციონალით, როგორც პიკური სადგური არ მუშაობს. ენგურჰესი დღე ღამის განმავლობაში 18 და ზოგჯერ 24 საათი მუშაობს, რაც არ არის სწორი, რადგან ამ ტიპის სადგურებმა დღე-ღამეში 6 საათი უნდა იმუშაონ. ენგურს არამხოლოდ საქართველოს უზრუნველყოფა შეუძლია, იგივე სარეზერვო სიმძლავრეებით, არამედ შეუძლია რეგიონალური სადგურის ფუნქცია შეასრულოს. ჩვენ ფაქტობრივად, ენგურის პიკურ ენერგიას, რომელიც მას შეუძლია ქვეყანას მიაწოდოს და ასევე, მოხდეს იგივე სერვისების განხორციელება რეგიონისთვის - ამას, სამწუხაროდ, ვერ ვახერხებთ. რაც შეეხება ხუდონჰესის აშენებას - ამ შემთხვევაში, სისტემას აქვს გათვლები, რომ ენგურზე არ მოხდება წყლის დაღვრა და ამავდროულად ეს ხელს შეუწყობს ენერგიის შენახვას ზამთრის თვეებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია განახლებადი ენერგიის ინტეგრაციისთვის და იმპორტის შემცირებისთვის", - აცხადებს დავით მირცხულავა. 

მანვე აღნიშნა, რომ შექმნილი ვითარება აჩენს აუცილებლობას, რომ ენერგოსისტემის განვითარების სტრატეგიაში პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს დამხმარე და შემნახველი ინფრასტრუქტურის შექმნას.

"მთელს მსოფლიოში გამოწვევაა, როდესაც ელექტროენერგიის წყაროები მაღალი ცვალებადობის ბუნებით ხასიათდებიან, რაც გარკვეულწილად ძალიან დიდ რისკებს უქმნის ყველა სისტემის მდგრადობას და მართვადობას.  სამწუხაროდ, მრავალი წელია ვერ ავაშენეთ მარეგულირებელი სადგური და ჰიდრო აკუმულაციური სადგური, რომლის პროექტი იმ პერიოდშიც არსებობდა, როცა ენგურის პროექტი განხორციელდა. რამდენადაც ვიცი გარკვეული ნაბიჯები იდგმება იმისთვის, რომ ეს პროექტი განხორციელდეს და ასევე, საუბარია ერთ-ერთი მარეგულირებლის მშენებლობაზე, რომელიც აუცილებელია და გარკვეულ სარეზერვო ფუნქციას შეასრულებს. აღნიშნულის ამოქმედებას კი მინიმუმ 8 წელი დასჭირდება. შესაბამისად, გარკვეული გამოსავალი გვაქვს საძებნი, სხვადასხვა ტექნოლოგიის გამოყენებით და ასეთია, შემნახველი ბატარეების სადგურები და სისტემები. სასიხარულოა, რომ სახელმწიფო ენერგოსისტემა ახორციელებს ასეთ პროექტს. ეს არის ქსანში 200 მეგავატ/საათიანი, რომელიც მოახერხებს გარკვეული რაოდენობის განახლებადი სადგურების ინტეგრაციის დაბალანსებას და შეამცირებს რისკს. თუმცა იმ მატებას, რომელიც 2030 წლამდე მოხდება, ვფიქრობ, გაცილებით უფრო მეტი მოცულობის ასეთი ტიპის სადგური დასჭირდება. ჩემი აზრით, იმისთვის, რომ მართვადი გახდეს ეს ყველა დიდი რაოდენობის პროექტები, აუცილებელია 1000 მეგავატ/საათამდე სიმძლავრის ასეთი ბატარეის არსებობა", - აცხადებს დავით მირცხულავა.

გამოგვყევით