ჩვენი, ბიზნესმენების ბუნებრივი ინტერესია, რომ რაც შეიძლება იაფად გავყიდოთ პროდუქცია, რომ მოსახლეობამ მისი შეძენა შეძლოს. თუ ვერ შეიძინა მოსახლეობამ ბიზნესიც ვერ გექნება, - ამის შესახებ "ავერსის" დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საკოორდინაციო საბჭო შეიქმნება, რომელიც აღნიშნულ საკითხზე იმუშავებს.
"ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო შეხვედრა იყო. პრემიერ-მინისტრმა, მინისტრებმა, მთავრობის და კომისიის წევრებმა მოგვისმინეს ძალიან ყურადღებით და ძალიან ბევრი საკითხი ჩაინიშნეს. რაც გაჟღერდა ხელისუფლების მხრიდან არის ის, რომ ჩვენ წარვადგინოთ ყველა ის წინადადება, რომელიც ხელს შეუწყობს მედიკამენტების გაიაფებას. ზოგადად ბიზნესს აქვს ოქროს კანონი, რასაც მე ვიყენებ 34 წელია - რაც უფრო იაფად და ნაკლები ფასნამატით ყიდი, მით უფრო მეტს ყიდი და მით უფრო მეტი გაქვს მოგება. რაც უფრო ძვირად და მეტი ფასნამატით ყიდი, მით უფრო ნაკლებს ყიდი, ნაკლები მოგება გაქვს და ბოლოს საერთოდ კოტრდები.
შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო. ჯანდაცვის სამინისტროს, რომელიც ნამდვილად ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მედიკამენტების ფასი რაც შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს მოსახლეობისთვის, დაემატება სხვა სამინისტროები, რადგან იგივე ადგილობრივი წარმოება სხვა სამინისტროებთან არის კავშირში და შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო. ჩვენ წერილობით წარვადგენთ წინადადებებს რა შეიძლება გაკეთდეს ხელისუფლებისა და ჩვენი მხრიდან იმისთვის, რომ წამლის ფასი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი იყოს მოსახლეობისთვის. ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ხელისუფლებამ სრული მზადყოფნა გამოთქვა, რომ ეს შემუშავებული წინადადებები რეალურად განხორციელდეს.
სივრცე არის ის, რომ მაგალითად, წინა ჯანდაცვის მინისტრმა მიიღო დადგენილება (2024 წლის 29 თებერვლის დადგენილება), რომლის მიხედვითაც საქართველოში წამლების რეგისტრაცია არის უმკაცრესი, ამიტომ ბევრი მწარმოებლის წამალი უახლოეს ხანებში, ვინაიდან ეს დადგენილება ძალაში შედის, აღარ იქნება ქვეყანაში, რომლებსაც შედარებით დაბალი ფასი აქვთ და მოსახლეობას მოუწევს ძვირადღირებული ანალოგის ყიდვა. გაუქმდება, თუ გადახედვა მოხდება ამაზე მთავრობის მხრიდან მივიღეთ პასუხი, რომ აღნიშნულის განხილვა მოხდება. ასეთი სივრცეები ნაყოფიერი მუშაობის პირობებში ძალიან ბევრი გამოიკვეთება.
ამჟამად, საქართველოში ბრუნვაში არის დაახლოებით, 10 000 მედიკამენტი, 7 000 არის უკვე რეფერენტული ფასით და იმ 3 000-საც ნელ-ნელა ამატებს სამინისტრო. რაც შეეხება იმ 7000 პოზიციიდან დღეს სხდომაზე აღვნიშნე, რომ 20%-ზე მეტს ფარმაცევტული კომპანიები კონკურენციიდან გამომდინარე უფრო იაფად ვყიდით ვიდრე რეფერენტული ფასებია. ასე რომ რეფერენტული ფასები ერთია, მაგრამ კონკურენცია ფარმაცევტულ სფეროში უმწვავესია. მთავრობას და კომპანიებს გვაქვს სურვილი, რომ მუდმივად, რაც შეიძლება გაიაფდეს მედიკამენტები - ეს არის ბიზნესის არსი და მიზანი"- აცხადებს პაატა კურტანიძე.
შეგახსენებთ, რომ პრემიერმა 2025 წლის ბოლოს განაცხადა, რომ სასურსათო პროდუქტებზე ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც დიდია.
მთავრობის მეთაურის თქმით, ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს. პრემიერმა აღნიშნა, რომ მოგების მაღალი მარჟის პირობებში, კომპანიები მარკეტების ქსელს სწრაფად აფართოებენ.
მისივე თქმით, წინასწარი ანალიზის საფუძველზე, შეიძლება გამოიკვეთოს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომელიც მაღალ ფასნამატს და შესაბამისად, მაღალ ფასებს განაპირობებს. მათ შორის, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ.
ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით შექმნილია სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. პირველი სხდომა 20 იანვარს გამართა. 21 იანვარს კი, კომისიის წარმომადგენლები პროდუქტის მაღალ ფასებთან დაკავშირებით სუპერმარკეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 22 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე ათეულ სადისტრიბუციო და სასურსათო პროდუქტის რეალიზაციის ქსელში შევიდნენ და დოკუმენტაცია მოითხოვეს. 23 იანვარს "ფასების სამთავრობო კომისიამ" შეხვედრა დისტრიბუტორებთან გამართა.
26 იანვარს მარკეტების და დისტრიბუციის შემდეგ "ფასების სამთავრობო კომისია" მწარმოებლებს შეხვდა. დღეს კომისია ფარმაცევტებს ხვდება.