ფასების რეგულირების საკითხს გარკვეულწილად რეგულირება სჭირდება, რადგან სადღაც შეიძლება იყოს მონოპოლია, ოლიგოპოლია, თუმცა ჩვენ თუ გვინდა, რომ ბაზარი გავხსნათ, მხოლოდ და მხოლოდ რეგულირება საკმარისი არ იქნება, არამედ ბაზარზე ახალი მოთამაშეებიც უნდა შევუშვათ, - ამის შესახებ "გრანთ თორნთონ საქართველოს" მმართველმა პარტნიორმა პაატა შურღაიამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისივე შეფასებით, საკითხის მოგვარებით ყველა ჩართული მხარე დაინტერესებულია.
"თუ ზოგადად იმ რიტორიკას შევხედავთ, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს - ან ნებისმიერი მოქმედება ცუდია, ან ბაზარს არ სჭირდება რეგულირება და ყველაფერი ღია ბაზრის პრინციპით უნდა მოხდეს, ასე არ არის არც ერთ შემთხვევაში. თემა ძალიან აქტუალურია და ვინც ამ ყველაფერში მონაწილეობს - მათ შორის, მოსახლეობა, მთავრობა და ვინც ბიზნესის ჯაჭვს ქმნის - მწარმოებელი, დისტრიბუტორი, რითეილერი თუ საბოლოო მომხმარებელი - ყველა დაინტერესებულია.
აღნიშნული ბალანსის პოვნა ნიშნავს იმას, რომ გარკვეულწილად რეგულირებაც უნდა მოხდეს, ანუ შეთანხმება რაღაც პირობებზე, რომელიც ახლა თვითრეგულირებადია და ასევე, ბაზარზე ახალი მოთამაშეები უნდა გაჩნდნენ, რომლებიც კონკურენციაში შევლენ.
უნდა აღინიშნოს რა ფაქტორები ახდენს გავლენას ფასის ჩამოყალიბებაზე და აქ არის 3 მნიშვნელოვანი ფაქტორი. გაჩნდა კითხვა, თუ რატომ არ არის ეროვნული ბანკი ჩართული ამ პროცესში. ეროვნული ბანკი ამ პროცესში არ უნდა იყოს ჩართული გამომდინარე იქიდან, რომ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას განსაზღვრავს. შესაბამისად, პროცესში მისი აქტუალურობა საჭირო არ არის. მეორე ნაწილია საფინანსო-საკრედიტო მიმართულება, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო ფისკალური პოლიტიკით ატარებს - აქაც არ გვაქვს ისეთი გამონაკლისები როგორიც არის დეფიციტი, ან პროფიციტი. შესაბამისად, გვრჩება ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილი, რომელსაც უნდა აკეთებდეს კონკურენციის სააგენტო. იმის გამო, რომ ამ საკითხში სუს-ი არის ჩართული ამან შეიძლება გამოიწვიოს კითხვის ნიშნები, თუმცა ამასაც აქვს ახსნა. როგორც ჩანს პრემიერ-მინისტრთან ინსტიტუტი, რომელსაც ყველაზე დიდი ნდობა გააჩნია არის სუს-ი, რომელიც პროცესში აქტიურად არის ჩართული", - აცხადებს პაატა შურღაია.
შეგახსენებთ, რომ პრემიერმა 2025 წლის ბოლოს განაცხადა, რომ სასურსათო პროდუქტებზე ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც დიდია.
მთავრობის მეთაურის თქმით, ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს. პრემიერმა აღნიშნა, რომ მოგების მაღალი მარჟის პირობებში, კომპანიები მარკეტების ქსელს სწრაფად აფართოებენ.
მისივე თქმით, წინასწარი ანალიზის საფუძველზე, შეიძლება გამოიკვეთოს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომელიც მაღალ ფასნამატს და შესაბამისად, მაღალ ფასებს განაპირობებს. მათ შორის, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ.
ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით შექმნილია სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. პირველი სხდომა 20 იანვარს გამართა. 21 იანვარს კი, კომისიის წარმომადგენლები პროდუქტის მაღალ ფასებთან დაკავშირებით სუპერმარკეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 22 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე ათეულ სადისტრიბუციო და სასურსათო პროდუქტის რეალიზაციის ქსელში შევიდნენ და დოკუმენტაცია მოითხოვეს. 23 იანვარს "ფასების სამთავრობო კომისიამ" შეხვედრა დისტრიბუტორებთან გამართა. 26 იანვარს მარკეტების და დისტრიბუციის შემდეგ "ფასების სამთავრობო კომისია" მწარმოებლებს შეხვდა. დღეს კომისია ფარმაცევტებს ხვდება.