შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყეს და 148 ე.წ. მაინერი ამოიღეს.
სამართალდამცველების მიერ კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, 6 სხვადასხვა ლოკაციაზე აღმოჩენილია კრიპტოვალუტის მწარმოებელი სპეციალური მოწყობილობები, ე.წ. მაინერები.
გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული მოწყობილობების საშუალებით, ადგილობრივები დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო და მართლსაწინააღმდეგო მოხმარებით, სისტემატურად ახდენდნენ ციფრული ვალუტის გენერირებას და არალეგალური შემოსავლების მიღებას.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია დიდი რაოდენობით სპეციალური ტექნიკური მოწყობილობა.
ცნობისთვის, ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ 1-ელ ივნისს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავრობა მესტიაში უკანონო კრიპტომაინინგის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას იწყებს. პრობლემის აღმოსაფხვრელად, უახლოეს მომავალში მესტიაში გამრიცხველიანების პროცესი დაიწყება, რაც აქამდე სხვადასხვა წინააღმდეგობრივი გამო ვერ ხერხდებოდა.
ამასთან, იმავე თემაზე მესტიის მერმა, კახა ჟორჟოლიანმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილება კრიპტომაინინგის წინააღმდეგ პრობლემებს აღმოფხვრის და ტურიზმს გაზრდის.