logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"სამეწარმეო ვენახის გაშენების წესი უფრო მსხვილი მევენახეებისთვისაა აუცილებელი" - "მარანი გელოვანი"

"მარანი გელოვანის" დამფუძნებლის, აკაკი გელოვანის შეფასებით, სამეწარმეო ვენახის გაშენების წესის არსებობა უფრო ღვინის საწარმოების მფლობელებს და მსხვილ მევენახეებს სჭირდებათ, ვიდრე მცირე მარნებს.

როგორც აკაკი გელოვანი "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, მცირე მარნები ძირითადად ისედაც ხარისხზე ორიენტირებული არიან, ხოლო მსხვილი მევენახეებისთვის გარკვეული ვალდებულებების არსებობდა  აუცილებელია. ამასთან, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლის თქმით, მცირე მარნებისთვის აღნიშნული წესის შესრულება ფინანსურად საკმაოდ მძიმე ტვირთია. 

"ვენახის დარეგისტრირება მოიცავს გარკვეული თანხის გაღებას, ადგილზე სპეციალისტების მოყვანაც აუცილებელია. რაც შეეხება ხარისხს, პირადად მე დიდი მარანი არ მაქვს - სოლიდური თანხა გადავიხადე, რომ კარგი ნერგები მეყიდა. იმის თქმა მინდა, რომ ჩემი პირდაპირი ინტერესია მაღალი ხარისხის ღვინო ვაწარმოო, საუკეთესო ვენახი მქონდეს. აღნიშნული წესი ინდუსტრიული სფეროს წარმომადგენლებს უფრო დაეხმარებათ. კერძოდ, ვისაც ქარხნები აქვთ, მათთვის უფრო საჭიროა, გარკვეული ვალდებულებები ჰქონდეთ. პატარა მარნების შემთხვევაში, ისედაც შეზღუდული მასშტაბით ვმუშაობთ, ამიტომ მაღალ ხარისხზეც გავდივართ. ღვინო ექსპორტზე გაგვაქვს, უცხოეთში ვინ მოიწონებს პროდუქტს, თუ მაღალი ხარისხი არ გვექნება?! ჩვენი პირდაპირი ინტერესია ვენახი, მარანი, ღვინო და ეტიკეტი მაღალი ხარისხის იყოს. აღნიშნული წესი კარგი იქნებოდა, თუ სახელმწიფო სპეციალისტების ჯგუფს თავად გამოყოფდა და ვენახებს შეამოწმებდა. ამ შემთხვევაში პირიქით, მოხარული ვიქნებოდი, თუმცა ახლა ფინანსური კუთხით ეს ყველაფერი საკმაოდ რთული შესასრულებელია", - აცხადებს აკაკი გელოვანი.

მეღვინე გამოწვევების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმართაობა კვლავ პრობლემად რჩება, რაც ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის.

შეგახსენებთ, რომ "მარანი გელოვანი" თბილისიდან 25კმ-ში, სოფელ ქვემო წყლულეთში, მდებარეობს და კახური ჯიშის ბიო ღვინოს ამზადებს. ასორტიმენტში შედის: "რქაწითელი", "კახურ მწვანე", "ქისი" და "საფერავი". ექსპორტზე კი 2017 წლიდან გადის, საექსპორტო ქვეყნებია - იაპონია, აშშ, გერმანია, პოლონეთი, ავსტრია, საფრანგეთი და შვეიცარია.

ცნობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით სამეწარმეო ვენახის გაშენების წესი 27 აპრილს დამტკიცდა. დოკუმენტი განსაზღვრავს სამეწარმეო ვენახის გაშენებასა და აღდგენა-განახლებასთან დაკავშირებულ პრინციპებს და პირობებს.

გამოგვყევით