logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"ეკონომიკური ზრდა თითოეული ოჯახის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს, ამ მხრივ ტენდენცია დადებითია" - ვახტანგ ლომჯარია

"ეკონომიკური ზრდა თითოეული ოჯახის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს, ამ მხრივ ტენდენცია დადებითია" - ვახტანგ ლომჯარია

1780603060

„მხოლოდ ეკონომიკური ზრდა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ რეალურად მოსახლეობას ვემსახუროთ. თუ ეკონომიკური ზრდა არ ემსახურება თითოეული ოჯახის ინტერესებს, თითოეულ ოჯახში არ შედის მეტი სიმდიდრე, უფრო მეტი ოჯახი არ ამოდის სიღარიბიდან, მაშინ, ეკონომიკური ზრდა ე.ი. კონკრეტულ ვიწრო ჯგუფებს ემსახურება“, - ამის შესახებ თბილისის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ  „ბიზნესპარტნიორის“  ღამის ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, ტენდენციები დადებითია, რასაც საერთაშორისო ექსპერტების შეფასებებიც მოწმობს, თუმცა გასაკეთებელი კიდევ ბევრია, რათა იმ დაახლოებით 241 ათასამდე ადამიანმა, რომელიც ჯერ კიდევ აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმაა, დაძლიოს ბარიერი და  ცხოვრების დონე გაიუმჯობესოს. 

„ეკონომიკურ ზრდას მოყვა სიღარიბის საუკეთესო მაჩვენებლები - ყველაზე დაბალი სიღარიბე სწორედ წელს დაფიქსირდა (7.1%). ეს არის საერთაშორისო მეთოდოლოგია - აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი, რომელიც იმავე მეთოდოლოგიით ითვლის, როგორც ითვლიდა 15-10-20 წლის წინანდელ მაჩვენებლებსაც. რა თქმა უნდა, ჩვენ არ უარვყოფთ გამოწვევებს, პირიქით, გამოწვევებზე საუბარი არის გარანტი იმისა, რომ შემდგომში კიდევ უფრო სწორი ნაბიჯები გადაიდგმება.

აქ არავინ საუბრობს იმაზე, რომ ყველაფერი გაკეთდა და ხვალ არაფერი უნდა ვაკეთოთ. პირიქით, ძალიან ბევრია საკეთებელი და უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ის დაახლოებით 241 ათასამდე ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმაა, რატომ ვერ ამოვიდნენ იქიდან და რა უნდა გაკეთდეს, რომ მათ დაძლიონ ეს ბარიერი და გაიუმჯობესონ საკუთარი ცხოვრების დონე, რადგან, სიღარიბე განაპირობებს სერვისებზე ნაკლებ ხელმისაწვდომობას, მათ შორის, განათლებაზე, ჯანდაცვაზე“, - განაცხადა ვახტანგ ლომჯარიამ. 

„ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში საუბრისას, ვახტანგ ლომჯარია ახლო აღმოსავლეთის კრიზისსაც შეეხო და აღნიშნა, რომ თუ კრიზისი მალე არ დასრულდა, ეს ჩვენი რეგიონისთვისაც ეკონომიკურად ძალიან რთული იქნება და საჭიროა ამ რისკების გააზრება და შესაძლო ზარალის მინიმიზაციისთვის  გარკვეულ ნაბიჯებზე ფიქრი.

„ის კონკრეტული შედეგები, რაც დადგა - ეკონომიკური ზრდის თანამდევი შედეგები - დასაქმების, ხელფასების ზრდის და სხვ მიმართულებით - ეს ყველაფერი შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს ხანგრძლივი ეკონომიკური კრიზისის დროს და მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხითაც მზად ვიყოთ. მნიშვნელოვანია, ამ კუთხითაც იყოს გააზრებული შესაძლო ბარიერები, შესაძლო ზარალის მინიმიზაციისთვის გარკვეული ნაბიჯები. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ ყველაფრის გააზრება ფორუმზეც მოხდა და ჩვენ ხვალაც ველოდებით ძალიან მნიშვნელოვან დისკუსიებს, მათ შორის, ენერგეტიკის მიმართულებით, დიდი ჰესების როლის მიმართულებით ენერგოდამოუკიდებლობაში“, - განაცხადა ვახტანგ ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისი მდგრადი განვითარების მეთექვსმეტე რეგიონულ ფორუმს მასპინძლობს. ფორუმის ფარგლებში, რომელიც 3 დღე გაგრძელდება, განხილვის თემები მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, ადამიანური კაპიტალის ფორმირება და განათლების როლი იქნება. პანელებზე ასევე იმსჯელებენ ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენაზე, დიდი ჰესების როლზე ენერგოდამოუკიდებლობაში, ურბანულ განვითარებასა და სატრანსპორტო რეფორმაზე. შეხვედრებზე ასევე განიხილავენ ტურიზმის თანამედროვე ტენდენციებს, ინვესტიციებსა და უძრავი ქონების ბაზარსაც. ღონისძიებაში მონაწილეობას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ბიზნეს სექტორის, აკადემიური წრეებისა და დიპლომატიური კორპუსის წევრები იღებენ. ფორუმი 1000-ზე მეტ სტუმარს, ჯამში 20-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელს, 50-ზე მეტი ქალაქის მერს, ვიცე მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს სტუმრობს. 

 თბილისის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმი 2007 წლიდან იმართება და უზრუნველყოფს პლატფორმას დისკუსიებისა და გრძელვადიანი პარტნიორობის განვითარებისთვის, სადაც სხვადასხვა სფეროს ექსპერტები და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

გამოგვყევით