ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა გადაცემა “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში შუა დერეფნის როლზე, ანაკლიის პორტსა და სხვადასხვა პროექტებზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს, როგორც სატრანსპორტო ჰაბის ჩამოყალიბებისთვისაა მნიშვნელოვანი.
მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ მიღებულია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც ქვეყნის სატრანსპორტო პოტენციალის გაძლიერებას ისახავს მიზნად, სწორედ აქედან გამომდინარე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ საქართველო $7 მლრდ-ის ინვესტიციას ძირითად ინფრასტრუქტურაში განახორციელებს .
„როდესაც ვსაუბრობთ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ბუნებრივია, ამ კონტექსტში განიხილება როგორც საზღვაო, ისე საავიაციო, საავტომობილო და სარკინიგზო მიმართულებები. საქართველოს მთავრობა აგრძელებს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რომელთა შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მოდერნიზაციას. ამ მიმართულებით მიმდინარეობს როგორც არსებული ინფრასტრუქტურის განახლება, ისე ახალი პროექტების განხორციელება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებს,”- ამბობს იოსელიანი.
მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პროექტია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება და სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, პროექტის წარმატებით განხორციელება შესაბამისი ინვესტიციებით უზრუნველყოს.
როგორც ცნობილია, პროექტი უკვე აქტიურ სამშენებლო ფაზაშია გადასული. დასრულებულია მოსამზადებელი და მობილიზაციის ეტაპები, ხოლო სამშენებლო სამუშაოები გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს.
“ბოლო თვეების განმავლობაში განხორციელდა მნიშვნელოვანი მოსამზადებელი ღონისძიებები და ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რამაც პროექტის პრაქტიკული განხორციელების ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობა შექმნა.
ჩვენ ვმოქმედებთ განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად და დარწმუნებული ვართ, რომ სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები სრულად შესრულდება. ანაკლიის პროექტი წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ ინიციატივას, რომელიც ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკურ ფუნქციას კიდევ უფრო გააძლიერებს.,- განაცხადა თამარ იოსელიანმა.