logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"აზიელი ვიზიტორები ძირითადად ჩინეთიდან და სინგაპურიდან გვყავს" - Mestia Inn

მესტიაში მდებარე სასტუმრო Mestia Inn-ის გენერალური მენეჯერის, ნიკოლოზ პეტრიაშვილის ინფორმაციით, ამჟამად, ტურისტულ ობიექტს აზიელი ვიზიტორები ძირითადად ჩინეთიდან და სინგაპურიდან სტუმრობენ. 

როგორც "ბიზნესპარტნიორთან" ნიკოლოზ პეტრიაშვილი განმარტავს, აღნიშნულ სეგმენტს ევროპელი ტურისტებისგან განსხვავებული მოთხოვნები არ აქვთ და სასტუმროს შეთავაზებებს მარტივად ერგებიან.

"რაც შეეხება არაბ ტურისტებს, მათი ნაკადი ჯერჯერობით არ შეინიშნება. ამ ეტაპზე 70%-იანი დატვირთვით ვმუშაობთ. ამინდები რომ უკეთესი იყოს, მეტი ტურისტიც გვეყოლებოდა. ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, სტუმრები ძირითადად დანიიდან, შვეიცარიიდან, ავსტრიიდან, საფრანგეთიდან და ესპანეთიდან გვყავს. წინასწარი ჯავშნებიც აქტიურად შემოდის და მომდევნო თვის ნომრების დაახლოებით 70%-ი უკვე დაკავებულია, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია - ტურისტული ნაკადები არ წყდება. ზოგადად, უცხოელ სტუმრებს მესტიაში დასვენება ძალიან მოსწონთ და ხშირად შვეიცარიასაც ადარებენ.

რაც შეეხება ადგილობრივ მომხმარებლებს, ძირითადად ივლის-აგვისტოში გვსტუმრობენ, რადგან მათი ვიზიტები შვებულებების პერიოდს ემთხვევა. ამ პერიოდში ადგილობრივი დამსვენებლების წილი საერთო ვიზიტორთა 20-30%-ს შეადგენს", - აცხადებს სექტორის წარმომადგენელი. 

ინფრასტრუქტურულ გამოწვევებზე საუბრისას, სასტუმროს გენერალური მენეჯერი აღნიშნავს, რომ მესტიაში გზების რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ცნობისთვის, მესტიაში მდებარე სასტუმრო Mestia Inn-ი ბაზარზე 2021 წელს გამოჩნდა. სასტუმროში 20 ნომერია და ასევე, სივრცე რესტორანსა და ღია ტერასას მოიცავს. 

გამოგვყევით