"დღეს ჩვენ უკვე აღარ ვართ უბრალოდ ალტერნატივა ჩვენ ვართ ის მარშრუტი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში უფრო და უფრო აქტუალური ხდება. ამას ადასტურებს როგორც ჩვენი პარტნიორების, ისე სხვადასხვა ქვეყნის, ლოგისტიკური და გადამზიდავი კომპანიების მზარდი ინტერესი. ეს ტენდენცია ციფრებშიც ნათლად აისახება.” - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანმა “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, თუ 2025 წლის მაჩვენებლებით ჩინეთიდან და ყაზახეთიდან გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა 23%-ით გაიზარდა, ზრდა ფიქსირდება ნავსადგურების სექტორშიც.
“მხოლოდ მაისის თვის მონაცემებს თუ შევხედავთ, სარკინიგზო გადაზიდვების მიმართულებით უპრეცედენტოდ მაღალი შედეგი დაფიქსირდა, მაისში გადაზიდული იქნა 1.300 მილიონი ტონა ტვირთი, რაც ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შესაბამისად, ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პროგნოზირებადობას, საიმედოობას, ეფექტიანობასა და მომსახურების ხარისხს. სწორედ ეს ფაქტორებია ის ძირითადი კომპონენტები, რომლებიც შუა დერეფანს მიმზიდველ და სანდო მარშრუტად აქცევს ტვირთების გადაზიდვისთვის”,- ამბობს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.
თამარ იოსელიანის თქმით, ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანი ძალისხმევა იდება არა მხოლოდ აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის, არამედ ცენტრალური აზიის ქვეყნების მხრიდანაც.
“ჩვენ მუდმივ და მჭიდრო კოორდინაციაში ვიმყოფებით პარტნიორებთან, რათა უზრუნველვყოთ თანმიმდევრული და შეთანხმებული მუშაობა. შუა დერეფანი წარმოადგენს ერთიან სატრანსპორტო ქსელს, ხოლო ასეთი ქსელის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია კოორდინირებული მოქმედება და საერთო ხედვა. ჩვენი მიზანია, ვიყოთ ერთიანი, სინერგიული, პროგნოზირებადი, სწრაფი და ეფექტიანი სისტემა. სწორედ ამიტომ, აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებში განხორციელებული ინვესტიციები და სატრანსპორტო სექტორში გატარებული რეფორმები მაქსიმალურად კოორდინირებული იყოს. საბოლოო ჯამში, ჩვენი ამოცანაა, რომ შუა დერეფანი აღარ განიხილებოდეს მხოლოდ ალტერნატიულ მარშრუტად. დღეს ის უკვე ჩამოყალიბებულია, როგორც საიმედო და ეფექტიანი სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალური სავაჭრო ქსელების მომსახურებასა და განვითარებაში,"-აცხადებს თამარ იოსელიანი.
ცნობისთვის, 2 ივნისიდან ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა. ახალი ხაზი საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სტრატეგიული პროექტია, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის გაძლიერებაში. ახალი სარკინიგზო მარშრუტი ქმნის დამატებით გამტარუნარიანობას რეგიონში, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სატვირთო ნაკადების მარშრუტების დივერსიფიცირებას და აძლიერებს რეგიონის დაკავშირებადობას.