logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

სირაქლემებზე, ფარშევანგებზე, გედებსა და ხოხბებზე მოთხოვნა მიწოდებას აჭარბებს - "სირაქლემების ფერმა"

ყველაზე დიდი მოთხოვნა სირაქლემებზე, ფარშევანგებზე, გედებსა და ხოხბებზეა, - ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორს" მარტვილში მდებარე სირაქლემების ფერმა Ostrich Georgia-ში განუცხადეს. 

მათივე ცნობით, რაოდენობის კუთხით ფერმა მომხმარებლების მოთხოვნის დაკმაყოფილებას ფიზიკურად ვერ ახერხებს. 

"მომხმარებლები ფრინველებს დეკორატიული დანიშნულებით ყიდულობენ და გარდა ამისა, დიდი ინტერესია ფერმის დათვალიერებაზე. ბევრი ადგილობრივი ვიზიტორი გვსტუმრობს, მათ შორის, საბავშვო ექსკურსიები. ამჟამად, ჩვენ ფერმაში 6 ჯიშის ფრინველი გვყავს, თითო ჯიშს კი, 4-5 სახეობა აქვს. გარდა ამისა, ფერმის ტერიტორიაზე გვყავს მაიმუნი, ენოტი და სხვ. სირაქლემას 2-კვირიანი წიწილის ფასი 600 ლარია, ხოლო ფარშევანგის ღირებულება ჯიშზეა დამოკიდებული. მომხმარებლები ფრინველებს დეკორატიული დანიშნულებით ყიდულობენ და მოთხოვნა მიწოდებას აჭარბებს", - აცხადებენ კომპანიაში.

ამას გარდა,  Ostrich Georgia-ში აღნიშნავენ, რომ ფერმა აქტიურად განაგრძობს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, მათ შორის, იგეგმება კვადროციკლის ბილიკების, კოტეჯების, რესტორნისა და ჰოსტელის მშენებლობა.

"ვგეგმავთ, რომ ჩვენი ფერმის ტერიტორიაზე მომავალში 10 კოტეჯი მაინც იყოს. ნელ-ნელა ვვითარდებით. გვეგონა, რომ უფრო ტურისტული ლოკაცია იქნებოდა, თუმცა ძირითადად ქართველები გვსტუმრობენ. გვინდა, რომ ასევე, მრავალფეროვანი გავხადოთ ცხოველებისა და ფრინველების ჯიშებიც, თუმცა ეს იურიდიულ საკითხებთან არის დაკავშირებული", - აღნიშნეს Ostrich Georgia-ში.

ცნობისთვის, სირაქლემების ფერმა ბაზარზე 6 წლის წინ გამოჩნდა. Ostrich Georgia-მ ფრინველების კვერცხები ევროპიდან სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოიტანეს, ინკუბატორები  შეიძინეს და შედეგად, ყველა ფრინველი საქართველოში გამოიჩეკა. 

გამოგვყევით