“რომ არა ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლებიც გადაიდგა, როგორც სატარიფო პოლიტიკის, ისე ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიმართულებით არა მხოლოდ საქართველოში, არამედ განსაკუთრებით აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და კასპიის ზღვის ნავსადგურებში, ამ ამოცანის შესრულება გაცილებით რთული იქნებოდა.”- ამის შესახებ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტთან დაკავშირებით საუბრისას, გადაცემა “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში ლევან სულაბერიძემ განაცხადა.
ყაზახურ- ქართული ეკონომიკური გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ის ფაქტი, რომ ამ დერეფნის მონაწილეებს ყაზახეთს, აზერბაიჯანს, საქართველოსა და მათ შორის ჩინეთს სჯეროდათ ამ პროექტის წარმატების, მნიშვნელოვანი წინაპირობა აღმოჩნდა.
"შეიძლება ითქვას, რომ თავდაპირველად ზოგიერთი მხარე გარკვეულ სკეპტიციზმსაც გამოხატავდა, თუმცა საბოლოოდ პროექტის განხორციელების შესაძლებლობა დადასტურდა. ტვირთების მოცულობის ზრდასთან ერთად, პარალელურად იზრდება დაინტერესებული ინვესტორების რაოდენობაც. ხშირად მიწევს შეხვედრებში მონაწილეობა, სადაც წარმოდგენილი არიან არა მხოლოდ სატრანსპორტო სექტორის, არამედ სხვადასხვა სფეროსა და რეგიონის წარმომადგენლები. ზოგჯერ საუბარი ისეთ მასშტაბურ საინვესტიციო გეგმებსა და თანხებზე მიდის, რომელთა წარმოდგენაც კი რთულია. საინვესტიციო ჯგუფები აქტიურად ემზადებიან ამ დერეფანში პროექტების განსახორციელებლად და კაპიტალის დასაბანდებლად. საკითხი მხოლოდ საქართველოში ცალკეულ პროექტებს არ ეხება, მთელი დერეფანი კომპლექსურად განიხილება,”- განაცხადა ლევან სულაბერიძემ.
მისივე თქმით, დღეს უკვე საერთაშორისო საზოგადოებამ კარგად გაიაზრა არსებული პრობლემატიკა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ცნობილია, რომელ მიმართულებებშია საჭირო მეტი ყურადღება, სად არის აუცილებელი დამატებითი ინვესტიციები და სად მოითხოვს ვითარება უფრო მჭიდრო კოორდინაციას.