logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"ჩემი აზრით, საჭიროა ახალი ლოგისტიკური ცენტრებისა და სატვირთო ტერმინალების შექმნა" - ლევან სულაბერიძე

“გეოგრაფიას ვერ შევცვლით, ევროპისკენ მიმავალი ყველაზე მოკლე გზა სწორედ საქართველოზე და საქართველოს შავი ზღვის ნავსადგურებზე გადის. ეს ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონკურენტული უპირატესობაა.” - ამის შესახებ ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან სულაბერიძემ  გადაცემა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, თუ ამ შესაძლებლობას სრულად არ გამოვიყენებთ, მნიშვნელოვანი პოტენციალი  აუთვისებელი დაგვრჩება. დღეს ცენტრალური აზიიდან საქართველოს შავი ზღვის ნავსადგურებამდე ტვირთის მიწოდება საშუალოდ მაქსიმუმ 48 საათს მოითხოვს. ევრაზიის კონტინენტზე ევროპისკენ მიმავალი უფრო მოკლე და ეფექტიანი მარშრუტი პრაქტიკულად არ არსებობს. ამიტომ აუცილებელია ამ მიმართულების შემდგომი განვითარება.

“როგორც ბიზნესმა, ისე ხელისუფლებამ უნდა გააგრძელონ ერთობლივი მუშაობა, რათა არსებული ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს. ჩემი აზრით, საჭიროა ახალი ლოგისტიკური ცენტრებისა და სატვირთო ტერმინალების შექმნა და მათი შემდგომი განვითარება, რაც საქართველოს შესაძლებლობას მისცემს კიდევ უფრო გაზარდოს სატრანზიტო ფუნქცია და გააძლიეროს თავისი პოზიცია საერთაშორისო სატრანსპორტო ქსელში. საბოლოო მიზანი ისაა, რომ ტვირთებმა ევროპულ ბაზრებამდე მაქსიმალურად სწრაფად, ეფექტიანად და კონკურენტული პირობებით მიაღწიონ.  

ახლა ისეთი პერიოდია, როდესაც გარკვეული პროექტები და მარშრუტები შესაძლოა პოლიტიკური მიზანშეწონილობის გათვალისწინებით განიხილებოდეს. თუმცა, თუ შევაფასებთ არსებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ შესაძლებლობებს, მათ შორის საქართველოს ნავსადგურების განვითარების ტემპს, ნათელია, რომ ნებისმიერი ახალი დერეფანი, მათ შორის ზანგეზურის დერეფანი, უფრო შემავსებელი ფუნქციის მატარებელი იქნება, ვიდრე კონკურენტული ან ჩამნაცვლებელი. სინამდვილეში, ასეთი პროექტები შეიძლება რეგიონული სატრანსპორტო ქსელის დამატებით ელემენტებად იქცეს და გარკვეულწილად კიდევ უფრო გაზარდოს შუა დერეფნის მიმზიდველობა,”- ამბობს ლევან სულაბერიძე.

მისივე თქმით, თუ ამ მიმართულებით თანმიმდევრულად გაგრძელდება მუშაობა, საქართველო მნიშვნელოვნად შეამცირებს იმ რისკებსა და გამოწვევებს, რომლებიც შესაძლოა რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ თუ ეკონომიკურ პროცესებთან იყოს დაკავშირებული.

გამოგვყევით