კოსმოსური ტურიზმი ახალ ეტაპზე გადადის — კალიფორნიაში დაფუძნებული სტარტაპი Galactic Resource Utilization Space (GRU) მთვარეზე სასტუმროს გახსნას გეგმავს, სადაც დასვენება მილიონი დოლარი ეღირება. პროექტის მიხედვით, პირველი სტუმრების მიღება 2032 წელს იგეგმება, ხოლო სამიზნე აუდიტორია მდიდარი კოსმოსური ტურისტები და ექსკლუზიური გამოცდილების მაძიებლები არიან.
სტარტაპის დამფუძნებელი ბერკლის უნივერსიტეტის 21 წლის კურსდამთავრებული სკაილერ ჩანია. მისი თქმით, კომპანია გეგმავს ავტომატიზებული სისტემის გამოყენებას, რომელიც მთვარის გრუნტს მყარ სამშენებლო კონსტრუქციებად გადააქცევს. საცხოვრებელი გარემო სპეციალური გასაბერი მოდულებისგან შედგება, რომლებიც გარედან მთვარის „აგურებისგან“ აგებული დამცავი ფენით დაიფარება.
მდებარეობის თვალსაზრისით, სასტუმრო შესაძლოა მთვარის ე.წ. ლავურ მილებში — ბუნებრივ მიწისქვეშა გვირაბებში — განთავსდეს, რაც სტუმრებს რადიაციისგან დაიცავს. მშენებლობის დაწყება 2029 წლისთვის არის დაგეგმილი.
კომპანიის ვარაუდით, პირველი კლიენტები გამოცდილი კოსმოსური ტურისტები და მდიდარი ახალდაქორწინებული წყვილები იქნებიან, რომლებიც „არამიწიერი“ თაფლობის თვის გატარებას გეგმავენ.
„ჩვენ გარდამტეხ ეპოქაში ვცხოვრობთ, როდესაც შეგვიძლია რეალურად ვიქცეთ პლანეტათაშორის სახეობად. თუ პროექტი წარმატებით განხორციელდა, მომავალში მილიარდობით ადამიანი შეიძლება დაიბადოს მთვარეზე და მარსზე,“ — აცხადებს სკაილერ ჩანი.
მთვარის სასტუმროს იდეა ჩანმა სტარტაპ აქსელერატორ Y Combinator-ის ფარგლებში შეიმუშავა. პროექტმა დაფინანსება იმ ინვესტორებისგან მოიპოვა, რომლებიც SpaceX-სა და Anduril-თან თანამშრომლობენ.
მთვარეზე მუდმივი ბაზის შექმნას მხარს უჭერენ NASA-ს ახალი ადმინისტრატორი ჯარედ აიზეკმანი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ჩანი იმედოვნებს, რომ GRU ამ გეგმების რეალიზებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
ანი ჯალაღონია