logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

კულტურის სამინისტროში რევაზ თაყაიშვილის წიგნის "ჩემი ექვთიმე" პრეზენტაცია გაიმართება

კულტურის სამინისტროში რევაზ თაყაიშვილის წიგნის "ჩემი ექვთიმე" პრეზენტაცია გაიმართება

1773221151

11 მარტს, 17:00 საათზე, კულტურის სამინისტროში გაიმართება რევაზ თაყაიშვილის წიგნის — „ჩემი ექვთიმე“ (ავტობიოგრაფიული ნარკვევი) პრეზენტაცია.

წიგნი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან წარმოადგენს უნიკალურ შემთხვევას: პირველად ქართულ საგამომცემლო სივრცეში მკითხველს ეძლევა შესაძლებლობა გაეცნოს ტექსტს, სადაც წმინდანი საკუთარი ხელით აღწერს საკუთარ ცხოვრებას. ნარკვევი ეფუძნება ექვთიმე თაყაიშვილის ავტობიოგრაფიულ ჩანაწერებს და მნიშვნელოვან პირველწყაროს წარმოადგენს მისი ცხოვრების, საქმიანობისა და ეპოქის უკეთ გასაცნობად.

გამოცემა გამორჩეულია იმითაც, რომ ის ბევრ გავრცელებულ ნარატივს აზუსტებს. ტექსტში მკითხველი შეხვდება ფაქტებს, რომლებიც განსხვავდება აქამდე გამოცემულ წიგნებში არსებული ინტერპრეტაციებისგან, ასევე იპოვის დაზუსტებულ ინფორმაციას და იმდროინდელი სოციალური გარემოს ცოცხალ აღწერას.

ნარკვევის ავტორია რევაზ თაყაიშვილი — ექვთიმე თაყაიშვილის შთამომავალი, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა დიდი ქართველი მოღვაწის მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციაში. ბატონმა რევაზმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში აღადგინა ის ისტორიული სახლი, სადაც ექვთიმე თაყაიშვილი დაიბადა და შვიდ წლამდე ცხოვრობდა. აღნიშნულ ადგილას შეიქმნა ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმი, რომელიც დღეს მნიშვნელოვან კულტურულ სივრცეს წარმოადგენს.

წიგნის პრეზენტაციაზე მოწვეულნი იქნებიან კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მკვლევარები, ექვთიმე თაყაიშვილის შთამომავლები და საზოგადო მოღვაწეები.
ღონისძიება ღიაა მედიისა და დაინტერესებული საზოგადოებისათვის.

გამოგვყევით