“ენერგეტიკული უსაფრთხოება საქართველოს უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. როგორც საიმედო სატრანზიტო პარტნიორი შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში, საქართველო კონსტრუქციულ როლს ასრულებს ენერგეტიკული ნაკადების სტაბილურობისა და დივერსიფიკაციის უზრუნველყოფისთვის,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძემ აიდერის საერთაშორისო ენერგეტიკულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც თურქეთის ქალაქ რიზეში გაიმართა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა რეგიონული მნიშვნელობის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა მეშვეობითაც საქართველო და სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული სისტემა ევროკავშირის ელექტროენერგიის ქსელს დაუკავშირდება. ინგა ფხალაძემ ფორუმის მონაწილეებს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელისა და მწვანე ენერგეტიკული დერეფნის განვითარების მიმდინარეობა გააცნო. მინისტრის მოადგილის თქმით, ეს პროექტები არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული ინვესტიციებია, არამედ ენერგიის დივერსიფიკაციის, დეკარბონიზაციისა და გრძელვადიანი რეგიონული მდგრადობის მიმართ საერთო ერთგულებას ასახავენ.
ინგა ფხალაძემ ასევე აქცენტი გააკეთა საქართველოს საინვესტიციო კლიმატსა და მთავრობის გრძელვადიან ენერგეტიკულ ხედვაზე, მეტი ყურადღება დაუთმოს ქვეყანაში განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისებას. „ჩვენს ქვეყანას გააჩნია აუთვისებელი პოტენციალი ჰიდრო, ქარისა და მზის ენერგიის მიმართულებით. მზად ვართ შევქმნათ გამჭვირვალე და ინვესტორზე ორიენტირებული ჩარჩო, რომელიც მხარს დაუჭერს მდგრად პროექტებს გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტების სრული დაცვით,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
„2036 წლისთვის საქართველო მიზნად ისახავს გახდეს სრულად თვითკმარი ელექტროენერგიის თვალსაზრისით და სუფთა ენერგიის საიმედო ექსპორტიორი რეგიონსა და ევროპაში. გვაქვს ამბიციური გეგმა, გავზარდოთ ჯამური დადგმული სიმძლავრე ორნახევარჯერ, რაც გულისხმობს სტრატეგიული ჰესების განვითარებას სისტემის მოქნილობისა და საიმედოობისთვის, ასევე, ქარისა და მზის ფართომასშტაბიან პროექტებს ენერგეტიკის შემდგომი დივერსიფიკაციისთვის,“ - განაცხადა ინგა ფხალაძემ. თავის გამოსვლაში, მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე ენერგეტიკულ დარგის რეფორმასა და სექტორში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობასა და სხვა პრიორიტეტულ საკითხებზე.
აიდერის ენერგეტიკულ ფორუმზე ინგა ფხალაძემ ასევე გამართა ორმხრივი შეხვედრები თურქეთისა და აზერბაიჯანის სამთავრობო და კერძო ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებთან.