logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

ოქროს ღირებულებამ აქამდე არსებულ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა - საინვესტიციო ბანკებმა პროგნოზი განაახლეს

საერთაშორისო ბირჟებზე ოქროს გაძვირების პროცესი შეუქცევადი გახდა და ის პროგნოზები, რასაც მსხვილი საინვესტიციო ბანკები 2026 წლის ბოლოსთვის აკეთებდნენ, რეალობად მიმდინარე წლის დასაწყისშივე იქცა. მეტიც, 1 უნცია ოქროს ღირებულებამ აქამდე არსებულ ყველანაირ პროგნოზს გადააჭარბა და ამჟამად, ის 5079 დოლარად ივაჭრება.

ანალიტიკოსების შეფასებით, ძვირფასი მეტალის ფასის ზრდა პირდაპირაა დაკავშირებული იმ გეოპოლიტიკურ რისკებთან, რაც ბოლო დღეებში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, ირანის სიახლოვეს საზღვაო ფლოტილიის განლაგებამ განაპირობა. მანამდე კი, ოქროს ფასზე ზეწოლა ვენესუელასა და ირანში განვითარებულმა მოვლენებმა, ასევე გრენლანდიას გარშემო მიმდინარე ამბებმა იქონია.

უნდა ითქვას, რომ მხოლოდ მიმდინარე წლის პირველ 3 კვირაში, უნცია მეტალის ღირებულება, დაახლოებით, 20%-ის ფარგლებშია გაზრდილი. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, მსხვილ საინვესტიციო ბანკებს მოუწიათ საკუთარი პროგნოზები განეახლებინათ და თუ აქამდე ელოდებოდნენ, რომ 2026 წლის ბოლოს ოქროს ღირებულება 4900-5000 დოლარის ფარგლებში იქნებოდა, ახლა ვარაუდობენ, რომ ძვირფასი მეტალის ფასი 5300-5400 დოლარს მიაღწევს. მაგალითისთვის, Goldman Sachs ელოდებოდა, რომ 2026 წლის ბოლოს, უნცია მეტალის ფასი 4900 დოლარს მიაღწევდა, თუმცა ეს პროგნოზი 2 დღის წინ განაახლა და 5400 დოლარამდე გაზარდა.

საერთაშორისო ბირჟებზე გაძვირებულმა ოქრომ გარკვეული პრობლემები შეუქმნა ოქროს ნაკეთობების ქართველ მწარმოებლებსაც და მათ 1 გრამი სუფთა ოქრო, როგორც ნედლეული, მნიშვნელოვნად გაუძვირდათ…

"ზარაფხანას" აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე სამხარაძე „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ წლიურ ჭრილში, 1 გრამი ნედლეული 100 ლარზე მეტად გაუძვირდათ, რის გამოც, გასულ წელს, მოგების მარჟის შემცირების ხარჯზე მოუხდათ ოპერირება.

„გასული წელი იყო გამოწვევებით სავსე, თუმცა ვისწავლეთ კრიზისების მართვა და ოქროს მკვეთრად გაძვირების პირობებში ოპერირება. მიუხედავად ნედლეულის გაძვირებისგან გამოწვეული პრობლემებისა, შევამცირეთ მოგების მარჟა, რის გამოც სამკაულებზე არსებული ფასების შენარჩუნება შევძელით. შედეგად, ამან გავლენა იქონია გაყიდვებზე და 2025 წელს 2024 წელთან შედარებით, რეალიზაციის მაჩვენებლები 15%-ით გაგვეზარდა“, - აღნიშნა თორნიკე სამხარაძემ.

მისივე თქმით, 2025 წელს „ზარაფხანას“ ქართული ოქროს ნაკეთობები წარმოდგენილი იყო სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებზეც, სადაც უცხოელი მყიდველის ყურადღება მიიპყრო და მათი მხრიდან, მსხვილი შეკვეთებიც წამოვიდა. შედეგად, თორნიკე სამხარაძე ელის, რომ 2026 წელი რეალიზაციის კუთხით უკეთესი იქნება.

გამოგვყევით