“საქართველოს რკინიგზას შუა დერეფნის კონტექსტში ძალიან დიდი როლი უჭირავს, ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ რკინიგზის განვითარებას” - ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, რომელიც უკვე დასრულდა, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები შესრულდა, მათ შორის ყველაზე რთული მონაკვეთის მოდერნიზაცია მოხდა და თითქმის 90 კილომეტრის სარკინიგზო ლიანდაგი დაიგო. ასევე აღნიშნული პროექტი უნიკალურია თავისი გვირაბით, რომელიც ყველაზე დიდია რეგიონში.
თამარ იოსელიანმა აღნიშნა, რომ ამ პროექტის დასრულებასთან ერთად, მნიშვნელოვანია მზად დავხვდეთ იმ ტვირთებს, რომელიც შუა დერეფანში ძალიან მზარდია.
“2025 წელს პორტებში ტვირთნაკადი გაიზარდა და კონტეინერების მიმართულებით 17%-იანი მატება, ხოლო გენერალური ტვირთების მიმართულებით 18%-იანი მატება დაფიქსირდა. ზოგადად, ჯამურად 7%-იანი მატება გვქონდა თუ ტონებში გადავიყვანთ. შუა დერეფნის კონტექსტში, რკინიგზაში კონტეინერებში 33%-იანი მატება გვქონდა. სწორედ ამ მომატებული ტვირთების ფონზე, საქართველოს რკინიგზა და საქართველოს პორტები აღნიშნულ ტვირთებს მზად უნდა დახვდნენ. ამისათვის საჭიროა შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტები და ასევე, მოძრავი შემადგენლობის განახლება. ამიტომ სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ რკინიგზამ ახალი ლოკომოტივები შეისყიდოს 2026-27 წლისთვის და შესაბამისად სავაგონო პარკიც განაახლოს"- განაცხადა იოსელიანმა.
შეგახსენებთ, რომ მთავრობამ სტრატეგიული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში 2032 წლამდე ₾7 მლრდ-ის ინვესტიცია უნდა განახორციელოს, რომელიც საქართველოს რკინიგზის განვითარების პროექტსაც მოიცავს.