საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, ბათუმის ტექნოპარკში, ტექნოლოგიური კონკურსის Travel Tech ჰაკათონის დემო დღე და დაჯილდოება გაიმართა. გამარჯვებული პროექტია „Conciergia“ (კონსიერჟია) - ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ციფრული პლატფორმა სასტუმროებისთვის, რომელიც აუმჯობესებს ოპერაციულ პროცესებს. კომპანიამ პროექტის განვითარებისთვის 10 000 ლარიანი გრანტი მიიღო და ამასთან ერთად პოტენციური პარტნიორებიც შეიძინა.
ჰაკათონის 60-მდე მონაწილე ორი დღის განმავლობაში ტურიზმის სფეროს თანამედროვე გამოწვევების დასაძლევად ინოვაციურ, პრაქტიკულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტებზე დაფუძნებულ პროექტებზე მუშაობდა. დემო დღეზე ჩვიდმეტმა გუნდმა ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს საკუთარი იდეები წარუდგინა.
გამარჯვებული იდეის გარდა, პროექტში 7 რჩეული გუნდი გამოვლინდა, რომლებსაც ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისგან გადაეცათ პრიზები და მიიღეს შეთავაზება მომავალი თანამშრომლობის შესახებ, რათა მოხდეს Travel Tech ჰაკათონის ფარგლებში შექმნილი იდეების ინტეგრირება და დატესტვა სხვადასხვა სასტუმროების ქსელებში.
ღონისძიება ხელს უწყობს რეგიონში ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებას და ახალგაზრდებისთვის ქმნის ინოვაციურ და პრაქტიკულ საგანმანათლებლო შესაძლებლობებს.
ტურიზმი და სტუმარმასპინძლობის სექტორი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი დარგია. 2024 წელს მისმა წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 9 პროცენტი შეადგინა. დარგის განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვს ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას, რომლის შედეგადაც გაიზარდა ბაზრების გეოგრაფია ადგილობრივი ტურისტული სექტორისთვის. 2025 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი რეკორდულ ნიშნულამდე - 3,7 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
ტურიზმის მიმართულება ერთ-ერთი ცენტრალურია ინოვაციურ სტარტაპებს შორის, რომლებიც თანამშრომლობენ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ჩამოყალიბების დღიდან ტექნოლოგიური სტარტაპების მხარდაჭერას ახორციელებს - მხოლოდ თანადაფინანსების საგრანტო პროგრამების ფარგლებში ჯამურად, სააგენტოს მიერ 46.3 მლნ. ლარით 283 სტარტაპი იქნა დაფინანსებული, რომელთაც 4,000-მდე სამუშაო ადგილი შექმნეს. აღნიშნული სტარტაპების მიერ მიღებული კერძო სარგებლის მოცულობამ 0.7 მლრდ. ლარი შეადგინა.