logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

ლაშა ხუციშვილმა მებაჟე-ოფიცრებს პროფესიული დღე მიულოცა

ლაშა ხუციშვილმა მებაჟე-ოფიცრებს პროფესიული დღე მიულოცა

1769415683

თანამედროვე საბაჟო სისტემა, ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისა და უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

მისი თქმით,  იგი უზრუნველყოფს საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობასა და მიწოდების ჯაჭვების უწყვეტობას, ქვეყანა ინარჩუნებს მყარ ეკონომიკურ განვითარებას. გასულ წელს გადაჭარბებით შესრულდა, როგორც სახელმწიფო, ისე ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილი.

„ამ პროგრესის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა საბაჟოს გამართული მუშაობის გარეშე. მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის წლევანდელი გზავნილი „საბაჟო - საზოგადოების დაცვის სადარაჯოზე“ ზუსტად ასახავს საბაჟო ადმინისტრაციის თანამედროვე მიდგომებს. საბაჟო დიდი ხანია აღარაა მხოლოდ ტვირთების აღრიცხვისა და იმპორტის გადასახადის ადმინისტრირების უწყება. მისი როლი მრავალმხრივია და პირდაპირ უკავშირდება ეკონომიკის განვითარებასა და  ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას. დღეს, საბაჟოს მისიაა აჩვენოს საზოგადოებას, რომ ძლიერი და სათანადოდ აღჭურვილი საბაჟო ორგანოები, აუცილებელია ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის. საბაჟოს მანდატი არ შემოიფარგლება მხოლოდ უკანონო იარაღის, ნარკოტიკული საშუალებების, არალეგალური ფინანსური ნაკადებისა, თუ  სხვა აკრძალული საქონლის გადაადგილების აღკვეთით. ის, ასევე მოიცავს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვასა და გარემოზე ზრუნვას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მან ხაზი გაუსვა სხვადასხვა უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობას.

„ჩვენ ვაძლიერებთ თანამშრომლობას სამართალდამცავ უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან,  ბიზნეს-ოპერატორებთან, მეზობელი და პარტნიორი ქვეყნების საბაჟო ადმინისტრაციებთან. ეს პარტნიორობა ქმნის მნიშვნელოვან დამატებით ღირებულებას გლობალური მიწოდების ჯაჭვების უსაფრთხოებისთვის. ამ კონტექსტში მსურს, ხაზი გავუსვა ბოლო პერიოდში, ჩვენს სამართალდამცავ უწყებებსა და საბაჟოს შორის კოორდინირებულ მუშაობას ნარკოტიკების წინაააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილია, საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალებების შესახებ, რომელიც გამოვლენილ იქნა სწორედ მებაჟე-ოფიცრებისა და პოლიციელთა მიერ, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

გამოსვლისას, მან ასევე, ისაუბრა ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გამოყენების მნიშვნელობაზე. ამ კონტექსტში ფინანსთა მინისტრი შეეხო საერთაშორისო სანქციების აღსრულების საკითხებს.

„ეფექტიანი, სწრაფი და სანდო საბაჟო სისტემა, საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის სრულად გამოყენებისა და საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების კონკურენტუნარიანობის მთავარ საფუძველს წარმოადგენს. აქვე, გვერდს ვერ ავუვლი საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით საბაჟოს როლს. (პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა ამის თაობაზე) დავამატებ მხოლოდ იმას, რომ საქართველო მომავალშიც პარტნიორებთან ერთად, გააგრძელებს თანამშრომლობას და მტკიცედ დაიცავს საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცედურებს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ბოლო წლებში, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა თანამედროვე საბაჟო სისტემის ჩამოსაყალიბებლად. განხორციელდა არაერთი ინსტიტუციური და ტექნოლოგიური რეფორმა, დაინერგა ციფრული სერვისები, გაძლიერდა რისკებზე დაფუძნებული კონტროლი და გამარტივდა პროცედურები. ამ ცვლილებებმა ერთდროულად გააუმჯობესა, როგორც ბიზნესგარემო, ისე კონტროლის ეფექტიანობა.

მისი თქმით, საქართველოს საბაჟო განაგრძობს ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში წვლილის შეტანას. 2025 წელს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საეტაპო მოვლენა იყო ახალ კომპიუტერიზებულ სატრანზიტო სისტემასთან მიერთება.

როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, საბაჟო ადმინისტრაციის ეფექტურობა დღეს წარმოუდგენელია თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე. ინფორმაციისა და ოპერატიული მონაცემების გაზიარება, მონაცემთა ანალიზი, რისკების მართვის სისტემები  და თანამედროვე აღჭურვილობა არის ის ქვაკუთხედი, რომელიც უზრუნველყოფს საბაჟოს ძლიერ და ეფექტურ ფუნქციონირებას.

„მეამაყება, რომ ამ რეფორმების შედეგები უკვე ხელშესახებია. გვაქვს მიღწევები, როგორც ინსტიტუციური განვითარების, ისე ფისკალური ეფექტიანობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიმართულებით. გაიზარდა ადმინისტრაციული შესაძლებლობები, გამკაცრდა ბრძოლა უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ და ამავე დროს, გაუმჯობესდა მომსახურების ხარისხი ბიზნესისთვის. ამასთან ერთად, უნდა გვესმოდეს, რომ გამოწვევები მუდმივად იზრდება. გლობალური ვაჭრობა სულ უფრო კომპლექსური ხდება, ჩნდება ახალი ლოგისტიკური მოდელები, ციფრული პლატფორმები და ახალი საფრთხეები. ეს გარემო მოითხოვს ადამიანური რესურსების განვითარებას, ტექნოლოგიურ განახლებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას. ფინანსთა სამინისტრო სრულად აცნობიერებს ამ პასუხისმგებლობას და გააგრძელებს შემოსავლების სამსახურის და თითოეული თანამშრომლის მხარდაჭერას. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ „სადაც არის საზღვარი, იქ არის საბაჟო“, რომელიც დაუღალავად 24/7 რეჟიმში მუშაობს ჩვენი ქვეყნისა და ოჯახების  კეთილდღეობისთვის“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

დასასრულს, მან მადლობა გადაუხადა თითოეულ მებაჟე-ოფიცერს მათი პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის.

ეკონომიკა

გამოგვყევით