logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ვაპირებთ წარმოების გაფართოებას, ახალი დანადგარები და ახალი საწარმოო ხაზი დაგვემატება - "ზარაფხანა"

"ზარაფხანამ" 2026 წელი გაფართოებით დაიწყო. ქართულმა საიუველირო კომპანიამ ახალი, სრულიად განსხვავებული კონცეფციის მაღაზია გახსნა, რომელიც შოურუმსა და საგამოფენო სივრცეს აერთიანებს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ "ზარაფხანას" აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე სამხარაძემ  განუცხადა, პროექტში 200 ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

„ირაკლი ნასიძის მხატვრული ხელმძღვანელობით მოეწყო ჩვენი ახალი მაღაზია, რომელიც სრულიად განსხვავებული ფორმატისაა და ვფიქრობ, მომხმარებლისთვის ძალიან საინტერესო. ამ სივრცეში წარმოდგენილია თავად ირაკლი ნასიძის ხელით შექმნილი სამკაული. ნელ-ნელა, ჩვენს შოურუმს ასევე დაემატება „ზარაფხანას“ ის მოდელები, რომლებიც დამზადდება ძალიან შეზღუდული რაოდენობით და შეიძლება ითქვას, რომ ეს შოურუმი ე.წ VIP სივრცედ ჩამოყალიბდება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამავე სივრცეში მოვაწყვეთ საგამოფენო კუთხეც, სადაც ჩვენი ძველი კოლექციებია განთავსებული და ეს ის კოლექციებია, რომლებიც ჩვენს მომხმარებელს აქამდეც ძალიან უყვარდა“, - აღნიშნა თორნიკე სამხარაძემ.

მისივე ინფორმაციით, „ზარაფხანა" ქსელის გაფართოებას მიმდინარე წელს ამით არ ასრულებს და 2026 წლის ბოლომდე, გეგმავს კიდევ 2 ახალი ფილიალის გახსნას. ერთი მაღაზია დედაქალაქში განთავსდება, ერთი კი რეგიონში. ჯამურად, ორივე პროექტში 600 ათასი ლარის ინვესტიცია ჩაიდება.

„გარდა გაყიდვების ქსელის გაფართოებისა, მიმდინარე წელს ასევე ვაპირებთ წარმოების გაფართოებასაც. კერძოდ, ახალი დანადგარები და ახალი საწარმოო ხაზი დაგვემატება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, ახალი ტიპის ნაკეთობები დავამზადოთ“, - განმარტა "ზარაფხანას" აღმასრულებელმა დირექტორმა. მისივე თქმით, ამ მიმართულებით „ზარაფხანა“ 200 ათასი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

ცნობისთვის, „ზარაფხანა“ ამჟამად, საქართველოს მასშტაბით, 6 ფილიალს ფლობს, აქედან 5  მაღაზია თბილისში, 1 კი - ბათუმში მდებარეობს.

ეკონომიკა

გამოგვყევით