Bybit-ის შემოსვლა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანა დინამიურად ვითარდება და იზრდება, - ამის შესახებ Bybit Georgia-ს დირექტორმა შოთა ლომთაძემ Bybit Georgia-ს ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, კომპანიის შემოსვლა საქართველოს ბაზარზე ქვეყნის ფინანსური ეკოსისტემის განვითარებასა და ინოვაციური ფინანსური პროდუქტების ხელმისაწვდომობის ზრდას შეუწყობს ხელს.
„Bybit-ის შემოსვლა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანა დინამიურად ვითარდება და იზრდება მოთხოვნა ახალ ფინანსურ შესაძლებლობებზე. ჩვენი მიზანია ადგილობრივ ბაზარს შევთავაზოთ ინოვაციური პლატფორმა, რომელიც დამატებით ლიკვიდობასა და ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას შექმნის“, - განაცხადა შოთა ლომთაძემ.
მსოფლიოს ერთ-ერთი მსხვილი კრიპტოპლატფორმა Bybit საქართველოს ბაზარზე საქმიანობას ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ვირტუალური აქტივების სერვისის პროვაიდერის და საგადახდო სერვისის პროვაიდერის ლიცენზიების საფუძველზე განახორციელებს.
Bybit Georgia-ს თანადამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილი პირველი პროდუქტი კრიპტობარათი - Bybit Card იქნება, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს კრიპტოაქტივები ყოველდღიურ ფინანსურ ოპერაციებში გამოიყენონ.
„Bybit Card-ის გამოშვება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ალტერნატიული კაპიტალის განვითარებისა და ფინანსურ ეკოსისტემაში ინოვაციების დანერგვის მიმართულებით. მსგავსი პროდუქტები მომხმარებლებს კრიპტო და ტრადიციული ფინანსური სერვისების უფრო მარტივად გამოყენების შესაძლებლობას აძლევს“, - აღნიშნა შოთა ლომთაძემ.
მისივე თქმით, ეს პროდუქტი რეგიონში უნიკალურია და მომხმარებლებს კრიპტოაქტივებისა და ტრადიციული ფინანსური ინსტრუმენტების ერთიან პლატფორმაზე გამოყენების შესაძლებლობას სთავაზობს.
პროექტის განხორციელებაში კომპანიის პარტნიორები არიან Mastercard და Pave Bank, რომლებიც კრიპტობარათის განვითარებასა და ბაზარზე დანერგვის პროცესში მონაწილეობენ.