logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ქეშბექი", როგორც ფასდაკლების ფორმა, არის დისტრიბუციის მხრიდან გადადგმული ნაბიჯი სუპერმარკეტების ქსელის მიმართ - გიორგი ხაბაშვილი

"ქეშბექი", როგორც ფასდაკლების ფორმა, არის დისტრიბუციის მხრიდან გადადგმული ნაბიჯი სუპერმარკეტების ქსელის მიმართ - გიორგი ხაბაშვილი

1773341580

„ქეშბექი“, როგორც ფასდაკლების ფორმა, არის დისტრიბუციის მხრიდან გადადგმული ნაბიჯი სუპერმარკეტების ქსელის მიმართ,  - ამის შესახებ „გუდვილის“ გენერალურმა დირექტორმა  გიორგი  ხაბაშვილმა   „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში განაცხადა.

მან ვრცლად ისაუბრა იმაზე, თუ რას წარმოადგენს რეტრობონუსი, იგივე „ქეშბექი“ და რა როლი აქვს მას სურსათის ფასნამატში.

„არ ვიცი, რატომ დარჩა ვინმეს შთაბეჭდილება, რომ რომელიმე ქსელური მარკეტის წარმომადგენელი ვინმეს მხარეს იშვერდა ხელს. ასეთი გარემო პარლამენტში, სურსათზე ფასნამატების საკითხის განხილვისას ნამდვილად არ ყოფილა. სხდომაზე ყველა ქსელის წარმომადგენელი ცდილობდა, მაქსიმალურად აეხსნა, როგორია ფასწარმოქმნის ჯაჭვი, როგორ მუშაობს ეს სისტემა და ბიზნესი“, - ასე გამოეხმაურა „გუდვილის“ გენერალური დირექტორი გუშინ გამართულ ფასების შემსწავლელ საპარლამენტო კომისიის სხდომას და იქ „ქეშბექების“ საკითხზე გამართულ დისკუსიას.

„ძალიან ბევრი საუბარი არის რეტრობონუსზე, იგივე „ქეშბექზე“. ჩვენ თუ ვიტყვით, რომ „ქეშბექის“ ფაქტორი არის მთავარი „დამნაშავე“ ფასების კონკრეტულ ნიშნულზე ყოფნაში, მაშინ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ზოგადად ფასნამატი არის ცუდი მოვლენა, უნდა ვთქვათ, რომ ხარჯები რომ არ არსებობდეს რითეილის შიგნით, მაშინ არ იქნებოდა საჭირო, რომ რაღაც სხვა ტიპის ფასნამატი გაკეთებულიყო. მე რისი ახსნა მინდა ამით - „ქეშბექი“ არის სუპერმარკეტის ქსელისთვის მარჟის, ამონაგების ნაწილი.

დღესდღეობით, სისტემა მომწოდებლებს, ანუ დისტრიბუტორებსა და რითეილერებს შორის ასეა აწყობილი - მომწოდებლებს, ძირითად შემთხვევაში, ერთსა და იმავე პროდუქტზე, ყველა ქსელისთვის ერთი მისაწოდებელი ფასი აქვთ. მომწოდებლები ხშირად „ქეშბექს“ იგივე „რეტრობონუსს“ იყენებენ როგორც ფასდაკლების ფორმას , რომელსაც აძლევენ ამა თუ იმ სუპერმარკეტს. მაგალითად, არის სამი ქსელი, სამივეს საინვოისო ფასი ერთ კონკრეტულ პროდუქტზე აქვს 10 ლარი. იმისთვის, რომ დისტრიბუციას არ შეეცვალოს ეს მოსაწოდებელი ფასი, ამ ფასდაკლების ფორმას არეგულირებენ რეტრობონუსით, ზოგს აძლევენ 5%-ს, ზოგს -10%-ს, ზოგს საერთოდ არ აძლევენ, ზოგს - აძლევენ კიდევ უფრო მეტს“, - განმარტა გიორგი ხაბაშვილმა.

მან ისიც განმარტა, თუ სად მიდის ეს რეტრობონუსი. „პირობითად,  10 ლარად მიწოდებულ პროდუქტზე, „ქეშბექი“ თუ არის 10% -  ეს ნიშნავს, რომ 1 ლარს, „ქეშბექის სახით“, ცხადია პროდუქტის გაყიდვის შემდეგ, მომწოდებელი უხდის სუპერმარკეტების ქსელს. არის ქსელები და არის პრაქტიკა საქართველოში, როდესაც ქსელს მოსაწოდებელი ფასიდან, ფასნამატი საერთოდ არ აქვს. მაგალითად, 10 ლარად მიაწოდა პროდუქტი მომწოდებელმა, იმ პროდუქტს ქსელი ყიდის 10 ლარადვე და თავისი მოგება, ანუ თავისი მარჟა აქვს ჩადებული სწორედ ამ რეტრობონუსში, ანუ „ქეშბექში“.  არის მეორე ვერსიაც, როდესაც დისტრიბუციამ მიაწოდა პროდუქტი 10 ლარად, სუპერმარკეტების ქსელმა გაყიდა ეს პროდუქტი 9 ლარად, უფრო ნაკლებ ფასად გაყიდა, ვიდრე შესატანი ფასი იყო, მაგრამ ამ დროს, დისტრიბუციასთან აქვს რეტრობონუსის ხელშეკრულება, რომელიც ქსელის მიერ გამოყენებული იქნა მომხმარებლისთვის ფასდაკლებაში“, - განაცხადა „გუდვილის“ გენერალურმა დირექტორმა.

ცნობისთვის, სასურსათო პროდუქტებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასწარმოქმნის შესწავლის მიზნით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა.  დროებით კომისიას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი ხელმძღვანელობს.  

საპარლამენტო კომისიამდე ფასებთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყო სამთავრობო კომისიამ. გადაწყვეტილება პრემიერის განცხადებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც საქართველოში სურსათის ფასების მაჩვენებელი ევროპის ქვეყნებთან შედარებით მაღალია. ფასებთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნა აპრილში იქნება. 

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ "სურსათის მაღალ ფასებთან ბრძოლის" კამპანიის დაწყების შემდეგ, ე.წ. ფასების საპარლამენტო კომისია პირველად 11 თებერვალს შეიკრიბა და მას შემდეგ, ეს პროცესი და შეხვედრები ბიზნესსექტორის სხვადასხვა წარმომადგენლებთან გრძელდება.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე: ეს რეგულაციები არავითარ შემთხვევაში არ არის მიმართული არც ერთი მედიის შეზღუდვისკენ, პირიქით, უნდა გაჯანსაღდეს მედია გარემო

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე: ეს რეგულაციები არავითარ შემთხვევაში არ არის მიმართული არც ერთი მედიის შეზღუდვისკენ, პირიქით, უნდა გაჯანსაღდეს მედია გარემო

ბიზნესი

გამოგვყევით