„ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო, აზიის მიმართულებით დაგეგმილი ყველა ჯგუფური ტური გავაუქმეთ“, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ტურისტული კომპანია KERA TRAVEL-ის დამფუძნებელმა დავით ქუთათელაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ირანში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის გავლენა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სწორედ გამყვანი ტურიზმის სექტორზე აღმოჩნდა.
როგორც დავით ქუთათელაძემ განმარტავს, ამ ომის გამო, რომელშიც ირანისა და აშშ-ისრაელის გარდა, ჩართული აღმოჩნდნენ სხვა არაბული სახელმწიფოებიც, ტუროპერატორებს არა მხოლოდ დოჰას, დუბაის, აბუ-დაბისა და შარჯას მიმართულებით მოუწიათ ჯავშნების გაუქმება, არამედ, სრულად ჩახსნეს ყველა ჯგუფური ტური აზიის კონტინენტზე.
„აღნიშნულ ქალაქებს ტრანზიტული დანიშნულებაც ჰქონდა და მათ ყველაზე კარგად ვიყენებდით ისეთ ეგზოტიკურ ქვეყნებში გასამგზავრებლად, როგორებიცაა: ტაილანდი, მალდივები, შრი-ლანკა, ინდონეზია და სხვა. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე კი, ავიაკომპანიებს დოჰას და დუბაის ნაცვლად, სატრანზიტო მიზნით, ალტერნატიული მარშრუტების მოძიება დასჭირდათ, რამაც აზიის ქვეყნების მიმართულებით ფრენებზე ფასები გაზარდა. შესაბამისად, მოგვიწია, რომ დაგეგმილი ჯგუფური ტურები აზიისკენ ჩაგვეხსნა“, - აღნიშნა KERA TRAVEL-ის დამფუძნებელმა.
რაც შეეხება დოჰას, დუბაის, აბუ-დაბისა და შარჯას მიმართულებით ფრენების გაუქმებას, როგორც დავით ქუთათელაძე ამბობს, ადგილობრივ არაბულ ტუროპერატორებთან თანამშრომლობით, მომხმარებლებს შეძენილი სამოგზაურო პაკეტების თანხა უკან უბრუნდებათ.
რაც შეეხება ზოგადად მიმდინარე წლის ტენდენციებს, KERA TRAVEL-ის დამფუძნებლის თქმით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომამდე, საქართველოდან ძალიან პოპულარული იყო დოჰას მიმართულება, რომელიც გასული წლის შემოდგომიდან გააქტიურდა.
„რაც შეეხება ამჟამინდელ ვითარებას, ევროპა კვლავ რჩება საქართველოს მოქალაქეებისთვის ყველაზე პოპულარულ მიმართულებად, რასაც იაფი ავიაბილეთები და პირდაპირი ფრენების სიხშირე განაპირობებს. ვფიქრობთ, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში, ისევ ძალიან მოთხოვნადი იქნება იტალიის, ესპანეთისა და საბერძნეთის კურორტები. მით უფრო, რომ საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე საქართველოდან ჩარტერული რეისები დაინიშნა. სავარაუდოდ, წელს კრეტაზე დასვენება მოგზაურებს გაცილებით იაფი დაუჯდებათ, ვიდრე თურქეთში, სადაც სასტუმროების ფასები საკმაოდ გაზრდილია“, - განმარტა KERA TRAVEL-ის დამფუძნებელმა.
ცნობისთვის, 2025 წელს საქართველოდან საზღვარგარეთ 1.5 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი შედგა, რაც 4.3 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ვიზიტების უმრავლესობა თურქეთში განხორციელდა.