logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"მიმდინარე წელს გვსურს, რომ იაპონიის ბაზარზე პირველი ნაბიჯები გადავდგათ" - "თბილღვინო"

"მიმდინარე წელს გვსურს, რომ იაპონიის ბაზარზე პირველი ნაბიჯები გადავდგათ" - "თბილღვინო"

1773307641

მიმდინარე წელს გვსურს, რომ იაპონიის ბაზარზე პირველი ნაბიჯები გადავდგათ, - ამის შესახებ "თბილღვინოს" თანადამფუძნებელმა გიორგი მარგველაშვილმა  "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, კომპანია იაპონიის გარდა, აშშ-ში განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, რომელიც პრემიუმ ღვინოების ექსპორტს ითვალისწინებს. 

"აშშ-ს ბაზარზე ჩვენ გვაქვს ერთგვარი პრემიუმიზაციის სტრატეგია და გვინდა, რომ ჩვენი ახალი პრემიუმ კატეგორიის ღვინოები წარვადგინოთ. მოლაპარაკება გვაქვს რამდენიმე მსხვილ ამერიკელ იმპორტიორთან და სავარაუდოდ, წლის ბოლომდე აღნიშნული პარტნიორობა შედგება. ვფიქრობთ, რომ აღნიშნულით ამერიკულ ბაზარზე ჩვენი განვითარების გარკვეული ახალი ეტაპი დაიწყება. აშშ-ში მცირე გადატვირთვები გვაქვს, თუმცა ახლა გადავდივართ ახალ ეტაპზე.

რაც შეეხება ცნობადობას - როგორც აშშ-ში ისე, დასავლეთ ევროპის ბაზრებზე ქართული ღვინის ცნობადობა და გაყიდვები მზარდია. მაგალითად, 2025 წელს ჯამურად ჩვენი კომპანიის გაყიდვები 10%-ით გაიზარდა. ჩვენ მუდმივად ვვითარდებით, თუმცა კონკრეტულ საინვესტიციო მოცულობას ვერ გეტყვით. ჩვენ საკმაო ინვესტციების გვაქვს განხორციელებული ჩვენი საწარმოო სიმძლავრეების შექმნაში და გათანამედროვეობაში. ასევე, იმ მარკეტინგულ კამპანიებში, რომელსაც სხვადასხვა ქვეყანაში ვაწარმოებთ და კიდევ გვაქვს დაგეგმილი. 

გვსურს, რომ მსოფლიოს 10 მოწინავე ქვეყანაში შევიდეთ, როგორც ქართული მოწინავე გლობალური ღვინის ბრენდი. მათ შორის, აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, შვეიცარია, კანადა, სკანდინალვიის ქვეყნები და ასევე, იაპონია", - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

ცნობისთვის, "თბილღვინო"  ქართული ღვინის მწარმოებელი წამყვანი კომპანიაა საქართველოში, რომლის პროდუქციაც ექსპორტზე მსოფლიოს 30 ქვეყანაში გადის. "თბილღვინოს" ისტორია გასული საუკუნის 60-იან წლებში იწყება. 1962 წელს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც 90-იან წლებში კერძო კომპანიად იქცა და მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე. დაარსებიდან დღემდე, "თბილღვინომ" უდიდესი აღიარება და უამრავი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის ლონდონის საერთაშორისო კონკურსებზე: Decanter World Wine Awards, International Wine Challenge და International Wine & Spirit Competition.

"თბილღვინოს" ვენახებში გაშენებულია სხვადასხვა ქართული ყურძნის ჯიში და მდებარეობს ქინძმარაულის, მუკუზნის და წინანდლის მიკროზონებში. 

 

ბიზნესი

გამოგვყევით