ეროვნულმა ბანკმა საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაძლიერების მიზნით, გასულ წელს მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციის ახალი, სცენარებზე დაფუძნებული მიდგომა დანერგა, რომლითაც უფრო გამჭვირვალე გახადა რისკების მართვისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესი. აღნიშნული ნაბიჯით ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს განვითარების მორიგ ეტაპზე გადავიდა, რითაც აუმჯობესებს მონეტარული პოლიტიკის რეაქციის ფუნქციის აღქმადობას და აძლიერებს პოლიტიკის გადაცემის არხების ეფექტურობას.
"მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში" ინფლაციის, ეკონომიკური ზრდისა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის იმ პროგნოზების აღწერას გაეცნობით, რომელთაც მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეფუძნება. გამოცემის მიზანი სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილების საზოგადოებისთვის დეტალური ახსნაა.
ზოგადად, სცენარებზე დაფუძნებული მიდგომა მოიაზრებს მაღალი გაურკვევლობის შედეგად წარმოქმნილი რისკების სპექტრის ანალიზსა და, მათზე საპასუხოდ, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შესაძლო ტრაექტორიების კომუნიკაციას.
მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება
- საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, უცვლელად, 8.25% ინარჩუნებს, თუმცა ინფლაციური რისკების ზრდის ფონზე, განაკვეთის საპროგნოზო ტრაექტორია ზრდის მიმართულებით გადახედა
- ფრთხილი მიდგომის შესაბამისად, ეროვნული ბანკი შეინარჩუნებს მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს ინფლაციური მოლოდინების ზრდისა და მეორე რაუნდის ეფექტების განვითარების რისკები და უზრუნველყოს მიწოდების შოკის ამოწურვის შემდეგ ინფლაციის მიზნობრივ 3-პროცენტიან მაჩვენებელთან სწრაფი დაბრუნება.
მაკროეკონომიკური პროგნოზი
ცენტრალური სცენარი
- სებ-ის განახლებული ცენტრალური სცენარის მიხედვით, ახლო აღმოსავლეთში გამწვავებული გეოპოლიტიკური ვითარება 2026 წლის მეოთხე კვარტალშიც შენარჩუნდება
- გეოპოლიტიკური ვითარების შედეგად გაზრდილი ენერგორესურსების ფასების გავლენით, 2026 წელს ინფლაცია საშუალოდ 5.4% იქნება, ხოლო 2027 წლის მეორე კვარტლიდან მნიშვნელოვნად შემცირდება და კვლავ მიზნობრივ 3 პროცენტიან მაჩვენებელს დაუახლოვდება
- მომატებული ინფლაციური რისკები კვლავ საყურადღებო რჩება
აქედან გამომდინარე, სებ ცენტრალურ სცენართან ერთად სხვადასხვა რისკ-სცენარსაც განიხილავს
მაღალინფლაციური სცენარი
ერთი მხრივ, სებ განიხილავს მაღალინფლაციური რისკის სცენარს, რომელიც მოიაზრებს გეოპოლიტიკური ვითარების უფრო მეტად გახანგრძლივებასა და გამწვავებას. ამასთან, მიწოდების ჯაჭვების შეფერხებები და ალტერნატიულ სატრანსპორტო მარშრუტებზე გადასვლა წარმოებასა და ტრანსპორტირებას გააძვირებს. შედეგად, გაძლიერებული გლობალური ინფლაციური წნეხი ადგილობრივ ეკონომიკას გადმოეცემა, რაც მონეტარული პოლიტიკის დამატებით გამკაცრებასა და მკაცრი პოზიციის უფრო ხანგრძლივად შენარჩუნებას მოითხოვს.
დაბალინფლაციური სცენარი
დაბალინფლაციური რისკის სცენარი გეოპოლიტიკური ვითარების სწრაფ დეესკალაციას მოიაზრებს. ასეთ პირობებში, საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასების წნეხი მოსალოდნელზე ადრე შემცირდება. ამასთან სცენარი, ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტის მოსალოდნელზე სწრაფ დეესკალაციასა და გლობალურად შემცირებული ნავთობის ფასების, ადგილობრივ ბაზარზე სრულად გადმოცემას მოიაზრებს. ამასთან, სცენარი ითვალისწინებს პროდუქტიულობის ზრდის ხანგრძლივად მაღალ დონეზე შენარჩუნებას.
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი ტრაექტორია დამოკიდებული იქნება საგარეო შოკების საქართველოს ეკონომიკაზე გადმოცემის სიძლიერესა და პოტენციურ გავლენაზე. იმ შემთხვევაში, თუ გახანგრძლივებული მიწოდების შოკის შედეგად ინფლაციურ მოლოდინებში ზრდის ტენდენცია გამოიკვეთა, რაც მეორე რაუნდის რისკებსაც გააძლიერებს, მპკ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზომიერ ზრდას გააგრძელებს.
ხოლო ამის საწინააღმდეგოდ მათი მკაფიო შემცირება და ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან მოსალოდნელზე სწრაფი და მდგრადი დაახლოება მონეტარული პოლიტიკის ეტაპობრივი ნორმალიზებისთვის შექმნის სივრცეს.
გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე პუბლიკაციების განყოფილებაში.