logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ირანში ბოლოდროინდელი კონფლიქტის ესკალაცია, მოკლევადიან პერიოდში, საფრთხეს ისრაელიდან მოთხოვნას უქმნის" - ზუკა თავყელიშვილი

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა, შესაძლოა, ქართული უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა და შესაბამისად, ფასები გაზარდოს.

ირანში ბოლოდროინდელი სამხედრო კონფლიქტის ესკალაცია და მასთან დაკავშირებული რეგიონული რისკები, ქართული უძრავი ქონების ბაზარზე მოლოდინებს გარკვეულწილად ცვლის. დარგის ექსპერტები რამდენიმე სცენარს განიხილავენ.

„ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი, მოკლევადიან პერიოდში, საფრთხეს პირველ რიგში, ისრაელიდან მოთხოვნას უქმნის, განსაკუთრებით კი ბათუმის მიმართულებით. ეს სეგმენტი ბათუმში ყველაზე სწრაფად მზარდია უცხოელ მყიდველთა შორის და მასზე გაყიდვების 13% მოდიოდა 2025 წელს. თუმცა, როგორც წესი, ხანგრძლივი არასტაბილურობის დროს ისინი უსაფრთხო თავშესაფრის (safe haven) აქტივებს ეძებენ და ბათუმს, რომელიც მათთვის უკვე კარგად ნაცნობი ბაზარია, შესაძლოა, საშუალო ვადაში ამან სარგებელი მოუტანოს“, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ Galt & Taggart - ის ასოცირებულმა მკვლევარმა ზუკა თავყელიშვილმა.

მისივე თქმით, ომის ხანგრძლივად გაგრძელების შემთხვევაში, ისრაელის მოქალაქეების გარდა, საქართველოში ბინების შესყიდვით საერთაშორისო ინვესტორები სხვა სახელმწიფოებიდანაც დაინტერსდებიან, რომლებიც ალტერნატიული ბაზრების მოძიებას დაიწყებენ, საკუთარი კაპიტალის უსაფრთხო ადგილზე დაბანდებისა და შენახვის მიზნით.

მზარდი მოთხოვნა, როგორ წესი, უძრავი ქონების ფასებზე ზეწოლას ახდენს ხოლმე. თუმცა, დარგის ექსპერტები, არ ვარაუდობენ, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გავლენა ქართული უძრავი ქონების ბაზარზე ისეთივე მასშტაბური იქნება, როგორც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დროს, როდესაც საქართველოში დიდი რაოდენობით მიგრანტები შემოვიდნენ და თბილისსა და ბათუმში ბინებზე ფასების რეკოდრული ზრდა დაფიქსირდა.

რაც შეეხება 2026 წლის ზოგად ტენდენციებს, ზუკა თავყელიშვილი ამბობს, რომ საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე როგორც ფასების, ისე ტრანზაქციების კუთხით სტაბილურობა შეინიშნება და თუ რაიმე განსაკუთრებული რყევები არ მოხდა, ეს წელიც ასე დასრულდება.

Galt & Taggart - ის ასოცირებული მკვლევარი, ისევე როგორც გასულ წლებში, წელსაც თბილისსა და ბათუმში ბინებზე ფასების 10%-ის ფარგლებში გაძვირებას პროგნოზირებს. თუმცა, იმ რისკებზეც მიუთითებს, რაც შესაძლოა, მშენებლობებზე გაცემულმა დიდი რაოდენობით ნებართვებმა გამოიწვიოს. თავყელიშვილი არ გამორიცხავს, რომ ბაზარი უახლოეს წლებში, ჭარბი მიწოდების რისკის წინაშე აღმოჩნდეს და მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი დაირღვეს.

გამოგვყევით