მეორეული პროდუქტების ობიექტებს მინიმალური მოთხოვნები აქვთ დაწესებული, რაც მათ საქმიანობასაც მოაწესრიგებს, - ამის შესახებ საქართველოს მწარმოებლების გაფართოებული ვალდებულების ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი გულიაშვილმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საკრებულოს მიერ მიღებულ ახალ რეგულაციას, რომლის მიხედვით მეორეული საბურავების, ლითონების, ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი ან ფეთქებადი მასალის განთავსება-რეალიზაციაზე 1-ელი იანვრიდან ამოქმედებულ რეგულაციას გამოეხმაურა.
როგორც ცნობილია, მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსება ან/და რეალიზაცია თბილისის სხვადასხვა ზონაში აიკრძალა. კანონის დარღვევა კი 2500 ლარიდან 30 000 ლარამდე ჯარიმას გულისხმობს.
გულიაშვილის ინფორმაციით, რეგულაცია თბილისის სხვადასხვა ტერიტორიას მოიცავს.
"კანონი თანაბრად როგორც დიდმა, ისე მცირე კომპანიებმა უნდა აღასრულონ და ეს პრობლემები მოსაგვარებელია. საბურავიც არის მარტივად აალებადი. ძირითადად უწყვიათ ხოლმე გარეთ და ძირითადად, საცხოვრებელი კორპუსის ქვემოთ. ყველაფერი უკავშირდება ადამიანების ჯანმრთელობას. ჩამოთვლილი მასალების ღია სივრცეში განთავსება აბინძურებს გარემოს და არ შეიძლება. ადრე თუ გვიან ეს საკითხი უნდა მოწესრიგებულიყო.
იმედი მაქვს, რომ აღნიშნულ რეგულაციასთან დაკავშირებით მეწარმეები ინფორმირებულები იყვნენ. ძალიან ბევრ ევროპის ქალაქში ვარ ნამყოფი და არ მინახავს პრეცედენტი, რომ ქალაქის ცენტრში იყოს ასეთი ადგილები. ცნობიერების ასამაღლებლად სამუშაოები გვაქვს. ისეთი კამპანიები გვაქვს დასაგეგმი, რომელიც ყველა დაინტერესებულ პირთან მიიტანს ინფორმაციას. ჩვენ ჩვენი ძალებით ამას ვაკეთებთ. წელს ვფიქრობთ, რომ უფრო ფართო მასშტაბიანი კამპანია ჩავატაროთ, მათ შორის, მუნიციპალიტეტებში. როცა რეგულაცია შემოგვაქვს მას სჭირდება ინფორმირება და ამავე დროს, აღსრულება. მუნიციპალურ ინსპექციას ეხება ეს საკითხი და ძალიან ინტენსიურად დაიწყეს მუშაობა, სხვანაირად ამ რეგულაციას ვერ აამოქმედებს. იმავეს ვესაუბრებოდით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ვისაც ეხება ნარჩენებთან დაკავშირებული რეგულაციების აღსრულება. ვცდილობთ, დავარწმუნოთ, რომ აუცილებელია კონტროლი. ჯართის ჩამბარებელ პუნქტები ზოგჯერ საერთოდ არ არიან რეგისტრირებულები", - აცხადებს გიორგი გულიაშვილი.