„მომხმარებლებს ვურჩევდი, რომ დაელოდონ თებერვლის თვეს, რადგან ამ პერიოდში, როგორც წესი, ბევრი ავიაკომპანია აცხადებს ხოლმე ფასდაკლებას და ავიაბილეთები უფრო ხელმისაწვდომი ხდება. ამიტომ, სწორედ ამ დროს სჯობს, მაგალითად, ზაფხულის მოგზაურობის წინასწარ დაგეგმვა“, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ KERA TRAVEL-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა დავით ქუთათელაძემ განუცხადა.
მისი თქმით, 2026 წელი ფასების კუთხით საკმაოდ სტაბილურად დაიწყო და ჯერჯერობით, გაძვირების ტენდენცია არ შეინიშნება.
„ამ ეტაპზე, ტურისტულ პაკეტებზე ფასები სტაბილურია, თუმცა გასულ 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, მოგზაურობა ნამდვილად იყო გაძვირებული“, - აღნიშნა დავით ქუთათელაძემ.
რიგი ტურისტული კომპანიების ინფორმაციით, ბოლო 1 წელში, მოგზაურობა 10-დან 20%-ის ფარგლებში იყო გაძვირებული, თუმცა ამას, საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვნად არ უმოქმედია ქართველი ტურისტების განწყობაზე. გამოიკვეთა, რომ წლიდან წლამდე, საქართველოდან საზღვარგარეთ ტურისტული ტიპის ვიზიტით სულ უფრო მეტი ადამიანი მიემგზავრება.
„ჩვენი კომპანიისთვის, გაყიდული ტურისტული პაკეტების თვალსაზრისით, გასული წელი საკმაოდ ნორმალური იყო, გავიმეორეთ 2024 წლის მაჩვენებლები. მთელი წლის განმავლობაში, ქართველი ტურისტები, უმეტესად, პრიორიტეტს თურქეთის მიმართულებას ანიჭებდნენ. ასევე, ტრადიციულად, მოთხოვნადი იყო ინდივიდუალური ტურები ევროპის ქვეყნებში და ჯგუფური ტურები მაგალითად სამხრეთ ამერიკის, ტაილანდის, ინდონეზიის მიმართულებით. გარდა ამისა, წლის ბოლოს გააქტიურდა კატარის დედაქალაქი დოჰაც, რომლისკენაც 2025 წლის შემოდგომაზე საქართველოდან პირდაპირი ავიარეისები დაინიშნა. ველოდებით, რომ წელსაც ეს მიმართულებები იქნება განსაკუთრებით მოთხოვნადი“,- განმარტა დავით ქუთათელაძემ.
ცნობისთვის, საქსტატის ბოლო მონაცემებით, რომელიც 2025 წლის მესამე კვარტალს მოიცავს, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ 412 ათასზე მეტი ტურისტული ტიპის ვიზიტი შედგა, რაც 2.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტების უმრავლესობა 31-დან 50 წლის ჩათვლით ასაკის ვიზიტორების მიერ განხორციელდა.