ფასების დაწევას, რა თქმა უნდა, მივესალმებით, - პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ "სმარტისა" და Wissol-ის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ამ ეტაპზე საწვავზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა აღნიშნულზე ისინი თანამშრომლობენ სახელმწიფოსთან და ყველა საჭირო ინფორმაციას აწვდიან.
"(სუპერმარკეტებთან დაკავშირებით) რა თქმა უნდა, ვაძლევთ ინფორმაციას. შეხვედრაზე ხდება ინფორმაციის გაცვლა, რომ მოხდეს ფასების სწორად წარმოდგინება მომხმარებლის წინაშე, მეტი არაფერი", - განაცხადა ვასილ ხორავამ.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის ბოლოს, რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ სასურსათო პროდუქტებზე ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც დიდია.
მთავრობის მეთაურის თქმით, ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს. პრემიერმა აღნიშნა, რომ მოგების მაღალი მარჟის პირობებში, კომპანიები მარკეტების ქსელს სწრაფად აფართოებენ.
მისივე თქმით, წინასწარი ანალიზის საფუძველზე, შეიძლება გამოიკვეთოს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომელიც მაღალ ფასნამატს და შესაბამისად, მაღალ ფასებს განაპირობებს. მათ შორის, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ.