logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"ნავთობის ფასის ზრდა არ იყო ისეთი მასშტაბური, როგორიც მსგავს კრიზისებს ახასიათებს ხოლმე" - რატი კალანდარიშვილი

"ნავთობის ფასის ზრდა არ იყო ისეთი მასშტაბური, როგორიც მსგავს კრიზისებს ახასიათებს ხოლმე" - რატი კალანდარიშვილი

1768561200

ქაოსური სტარტი მსოფლიოს სანავთობო ბირჟებზე - ასე აფასებენ ანალიტიკოსები 2026 წლის პირველ 2 კვირას, რა დროსაც მსოფლიოს მსხვილ სანავთობო ქვეყნებში კონფლიქტების ესკალაცია მოხდა.

როგორც იცით, ყველაფერი ვენესუელაში დაიწყო: შეერთებული შტატების სამხედრო ოპერაციამ და პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს დაკავებამ - ნავთობის ბაზარზე მხოლოდ მოკლევადიანი და სუსტი რეაქცია გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ვენესუელა მსოფლიოში ნავთობის უდიდეს მარაგებს ფლობს, ნედლი ნავთობის ფასები კარაკასში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ, ფაქტობრივად, არ შეცვლილა. შემდგომ დღეებში, უკვე სიტუაცია ირანში დაიძაბა, დაიწყო ანტისამთავრობო გამოსვლები, მომიტინგეებსა და საპოლიციო ძალებს შორის შეტაკებები, დაიღუპა უამრავი ადამიანი და აღნიშნულ ქვეყანაში, მძიმე კრიზისი კვლავ გრძელდება. ცხადია, ნავთობის ფასზე ზეწოლა ამ ფაქტმაც მოახდინა და 1 ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობის ღირებულება გაიზარდა.

თუმცა, როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ „თიბისი კაპიტალის“ გლობალური ბაზრების კვლევების უფროსი  რატი კალანდარიშვილი  აცხადებს, ეს ზრდა არ იყო ისე მასშტაბური, როგორიც მსგავს კრიზისებს ახასიათებს ხოლმე.

მეტიც, დღეისათვის, 1 ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობი, დაახლოებით, 64 დოლარად ივაჭრება და როგორც ანალიტიკოსები განმარტავენ, ეს არ არის მაღალი მატება.

“მთავარი ფაქტორი, რის გამოც, გეოპოლიტიკურმა მოვლენებმა ნავთობის ფასი უფრო მეტად არ გააძვირა, გაზრდილი მიწოდებაა. ნავთობის მიმწოდებელ ქვეყნებში წარმოება გაზრდილია და მეტიც, გრძელვადიან პერსპექტივაში დარგის ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ უკვე ნავთობის მარაგების ათვისება ვენესუელაშიც დაიწყოს. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, საერთაშორისო საინვესტიციო ბანკების მოლოდინით, 2026 წლის ბოლოსთვის ნავთობის ღირებულება შემცირდება. კერძოდ, Goldman Sachs ელოდება, რომ ნავთობის ფასი 52 დოლარამდე ჩამოვა, J.P. Morgan-ის პროგნოზი კი 58 დოლარია“, - აღნიშნა რატი კალანდარიშვილმა.

რაც შეეხება საწვავის ქართულ ბაზარს, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვახტანგ იობაშვილი  ამბობს, რომ ირანსა და ვენესუელაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს ადგილობრივ ბაზარზე ასახვა ჯერ არ ჰქონია, ვინაიდან ქვეყანა ნავთობპროდუქტების იმპორტს აღნიშნული ქვეყნებიდან არ ახდენს.

„საქართველო საწვავს უმეტესად ევროპული სახელმწიფოებისგან იღებს. შესაბამისად, ბოლო თვეებია, საქართველოში არც ბენზინის და არც დიზელის საწვავი არ გაძვირებულა“,- განმარტა იობაშვილმა.

ცნობისთვის, 2025 წლის განმავლობაში, საქართველოში, ჯამურად, 1 მილიონ 450 ათას ტონაზე მეტი ბენზინისა და დიზელის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემს, თითქმის, 11%-ით აღემატება.

გამოგვყევით