ტრადიციულად ალკოჰოლური სასმელების კუთხით პოზიციები გამყარებული გვქონდა და ახლა ახალი მიმართულებები დაგვემატა - თაფლი და ქართული ნატურალური წვენები, - ამის შესახებ სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი ავალიანმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, თითოეული საერთაშორისო კონფერენცია ქართული კომპანიებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
"ჩვენ საერთაშორისო გამოფენები დავიწყეთ ბერლინით. სამი კრიტერიუმი გვაქვს - ესენია სურსათის საერთაშორისო სტანდარტების სერტიფიკატის ქონა, ექსპორტის გამოცდილება და შესაბამისი ბრუნვა. ამ კრიტერიუმებს თუ აკმაყოფილებს კომპანია გამოფენაზე მარტივად ხვდება. "მწვანე კვირეული" უფრო გამორჩეულია, რადგან ეს არის უფრო ბიზნესს და მომხმარებლებს შორის გამოფენა, სადაც 300 000 ვიზიტორზე მეტი სტუმრობს. ეს ძალიან კარგი პლატფორმაა იმისთვის, რომ ქართულმა კომპანიებმა თავისი პროდუქცია წარმოადგინონ და ადგილობრივ მოსახლეობას გააცნონ. გვაქვს კარგი შედეგებიც.
ჩვენ არ ვჩერდებით, ყველას კარზე ვაკაკუნებთ, ვესაუბრებით ჩვენს ქართულ ხარისხიან აგროპროდუქციაზე და შედეგებიც გვაქვს", - აცხადებს გიორგი ავალიანი.