ფასების შემცირების სივრცე არსებობს. თუ დარეგულირდა ბაზარი, რეგულაცია ყველაფრის წამალია, თუ სწორად შეარჩევ, - ამის შესახებ ბიზნესმენმა, კომპანია "ყვარლის ბაგას" დამფუძნებელმა ლაშა პაპაშვილმა, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე შეფასებით, საჭიროა მსოფლიო გამოცდილების გაზიარება და ოქროს შუალედის პოვნა.
"ძიებაშია სახელმწიფო და სურს ფასების ბაზარი დაარეგულიროს. მაგალითად, დიდმა ბრიტანეთმა აირჩია გზა, რომ ადგილობრივი წარმოება შეეზღუდა, რათა დაბალი ფასისთვის მიეღწია. შესაბამისად, ბრიტანეთში სოფლის მეურნეობა თითქმის არ არსებობს. საფრანგეთში, პირიქით, ადგილობრივ წარმოებას რითეილერი გარკვეულ პროცენტზე მაღალ თანხას ვერ ართმევს და ზედა ზღვარია დაწესებული.
ყველას კარგად ესმის, რომ ბაზარი მარტივი არ არის და მრავალწახნაგიანია. ჩვენ ჩვენს წვლილს შევიტანთ, რა თქმა უნდა, პროცესები სწორად უნდა განვითარდეს.
ევროპის ქვეყნებმა აღნიშნული საკითხი სხვადასხვაგვარად მოაგვარა. ჩემი თხოვნა იყო, რომ ყველა მხარე ჩაერთოს აღნიშნულ საკითხში, მათ შორის, მსხვილი ბიზნესები, პარლამენტი და სხვა", - აცხადებს ლაშა პაპაშვილი.
ცნობისთვის, დღეს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძესა და მწარმოებლებს შორის მთავრობის კანცელარიაში შეხვედრა გაიმართა, სადაც საუბარი სურსათის ფასების საკითხს შეეხო.
პრემიერმა 2025 წლის ბოლოს განაცხადა, რომ სასურსათო პროდუქტებზე ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც დიდია.
მთავრობის მეთაურის თქმით, ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს. პრემიერმა აღნიშნა, რომ მოგების მაღალი მარჟის პირობებში, კომპანიები მარკეტების ქსელს სწრაფად აფართოებენ.
მისივე თქმით, წინასწარი ანალიზის საფუძველზე, შეიძლება გამოიკვეთოს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომელიც მაღალ ფასნამატს და შესაბამისად, მაღალ ფასებს განაპირობებს. მათ შორის, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ.
რაც შეეხება მერძული მიმართულების ფერმა "ყვარლის ბაგას" , ის ბაზარზე 20214 წლიდან ოპერირებს.