ფასების შემცირების რესურსი თანამშრომლობის საფუძველზე ყოველთვის არსებობს, - ამის შემდეგ საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მარგველაშვილმა პრემიერთან შეხვედრის წინ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, პირველ ეტაპზე უპრიანი რეცეპტორულ მედიკამენტებზე საუბარი იქნება.
"საუბარია სამართლიან ფასებზე, რომელიც უნდა იყოს. ფასთაწარმოქმნის რეგულაცია საქართველოში უკვე რამდენიმე წელია რაც დაწყებულია, საუბარი ალბათ არის პროცესის უფრო მეტად გაუმჯობესებაზე, დახვეწასა და გავრცელებაზე მედიკამენტების შემდეგ ჯგუფებში.
დაახლოებით, 7000 მედიკამენტი საქართველოში უკვე არის რეფერენტული ფასების სიაში, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი ფასი რეგულირდება გარე რეფერენტული სისტემით. მაგრამ კიდევ ერთი მაგდენი სავარაუდოდ რჩება ფასებს გარდა. პირველ ეტაპზე უპრიანი იქნება ვილაპარაკოთ რეცეპტორულ მედიკამენტებზე, რომლებიც ქრონიკული დაავადებების სამკურნალოს გამოიყენება, მაგრამ ამაში მნიშვნელოვანია მედიკამენტის ფასი, ანუ საერთო სოციალური წნეხი რაც აქვს მედიკამენტს მნიშვნელოვანია ვილაპარაკოთ მათ შორის, სახელმწიფო პროგრამის განვითარებაში, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტებისთვის მედიკამენტების მიწოდებას და აქედან გამომდინარე, დავადგინოთ უკვე ის სამართლიანი ფასი, რაც სახელმწიფომაც უნდა გადაიხადოს და ყოველმა ჩვენგანმა ჩვენი ჯიბიდან.
არ არსებობს კატეგორიები იაფი და ძვირი, არსებობს სამართლიანი ფასი, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს გამომდინარე გეოგრაფიული მდებარეობიდან, მოწოდების გზებიდან და ა.შ. ამიტომ ხდება ეს შეხვედრები, რომ დადგინდეს ის ფასი, რომელიც სამართლიანი იქნება კონკრეტულად საქართველოსთვის. ჩვენს ასოციაციაში შემავალ ფარმაცევტულ კომპანიებში, ბოლო 3 წლის განმავლობაში, რეფერენტული ფასების შემოღების შემდეგ ფასები 30-40%-ით შემცირდა.
მედიკამენტის ფასი, რომელსაც თქვენ ნახულობთ აფთიაქში დამოკიდებულია სისტემა როგორ არის აწყობილი. მაგალითად, მედიკამენტის ფასი დავარდა ევროპის ქვეყანაში შესაძლებელია იყოს მაღალი, ან დაბალი, მაგრამ გააჩნია როგორ ხდება მისი ანაზღაურება სადაზღვევო სისტემისა და სახელმწიფოს მიერ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენ რას ვიხდით მედიკამენტში. მხოლოდ ფასზე ორიენტაცია იქნება მხოლოდ ნაწილობრივი ინფორმაცია, მთავარია თითოეული მოქალაქის დანახარჯი რამდენია ამ მედიკამენტზე", - აცხადებს ირაკლი მარგველაშვილი.
შეგახსენებთ, რომ პრემიერმა 2025 წლის ბოლოს განაცხადა, რომ სასურსათო პროდუქტებზე ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც დიდია.
მთავრობის მეთაურის თქმით, ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს. პრემიერმა აღნიშნა, რომ მოგების მაღალი მარჟის პირობებში, კომპანიები მარკეტების ქსელს სწრაფად აფართოებენ.
მისივე თქმით, წინასწარი ანალიზის საფუძველზე, შეიძლება გამოიკვეთოს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომელიც მაღალ ფასნამატს და შესაბამისად, მაღალ ფასებს განაპირობებს. მათ შორის, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ.
ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით შექმნილია სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. პირველი სხდომა 20 იანვარს გამართა. 21 იანვარს კი, კომისიის წარმომადგენლები პროდუქტის მაღალ ფასებთან დაკავშირებით სუპერმარკეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 22 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე ათეულ სადისტრიბუციო და სასურსათო პროდუქტის რეალიზაციის ქსელში შევიდნენ და დოკუმენტაცია მოითხოვეს. 23 იანვარს "ფასების სამთავრობო კომისიამ" შეხვედრა დისტრიბუტორებთან გამართა.
26 იანვარს მარკეტების და დისტრიბუციის შემდეგ "ფასების სამთავრობო კომისია" მწარმოებლებს შეხვდა. დღეს კომისია ფარმაცევტებს ხვდება.