"დღეს თუ რაიმე რესურსია [ფასების შემცირების] და რამე უნდა სახელმწიფოს გაატაროს ამ მიმართულებით, მზად ვართ მოვისმინოთ," - ამის შესახებ ფარმაცევტული კომპანია "იმპექს ფარმას" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, დავით კოხრეიძე პრემიერთან შეხვედრის წინ ჟურნალისტებთან აცხადებს.
"წამლების რეფორმა ჩემი აზრით, უკვე დიდი ხანია დაწყებულია, როცა სახელმწიფომ ფასი დააკორექტირა, დისტრიბუციაც და რითეულიც შეეგუა ამ ცვლილებას, ბოლო 2 წელია ამ ცვლილებებში ვართ. ახლა კიდე მოვისმენთ რა ცვლილებაზეა საუბარი.
ორი სხვადასხვა თემაა, საკვების და წამლების თემა განსხვავდება. უკვე არსებობს სახელმწიფო რეფორმა წამლების ფასთან დაკავშირებით, შესაბამისად, დღეს თუ რაიმე რესურსია და რამე უნდა სახელმწიფოს გაატაროს ამ მიმართულებით, მზად ვართ მოვისმინოთ,"-აცხადებს კოხრეიძე.
კითხვაზე, არებობს თუ არა ფასების შემცირების რესურსი, კოხრეიძე განმარტავს, რომ 2 წლის წინ სახელმწიფო იყო ინიციატორი და ამას ფარმაცევტული ბიზნესი გაყვა.
"მტკივნეული იყო, თუმცა,გავყევით. შესაბამისად, თუ კიდე რამე რეფორმა იგეგმება,მოვისმენთ,"-აცხადებს კოხრეიძე.
შეგახსენებთ, რომ პრემიერმა 2025 წლის ბოლოს განაცხადა, რომ სასურსათო პროდუქტებზე ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც დიდია.
მთავრობის მეთაურის თქმით, ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს. პრემიერმა აღნიშნა, რომ მოგების მაღალი მარჟის პირობებში, კომპანიები მარკეტების ქსელს სწრაფად აფართოებენ.
მისივე თქმით, წინასწარი ანალიზის საფუძველზე, შეიძლება გამოიკვეთოს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომელიც მაღალ ფასნამატს და შესაბამისად, მაღალ ფასებს განაპირობებს. მათ შორის, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ.
ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით შექმნილია სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. პირველი სხდომა 20 იანვარს გამართა. 21 იანვარს კი, კომისიის წარმომადგენლები პროდუქტის მაღალ ფასებთან დაკავშირებით სუპერმარკეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 22 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე ათეულ სადისტრიბუციო და სასურსათო პროდუქტის რეალიზაციის ქსელში შევიდნენ და დოკუმენტაცია მოითხოვეს. 23 იანვარს "ფასების სამთავრობო კომისიამ" შეხვედრა დისტრიბუტორებთან გამართა.
26 იანვარს მარკეტების და დისტრიბუციის შემდეგ "ფასების სამთავრობო კომისია" მწარმოებლებს შეხვდა. დღეს კომისია ფარმაცევტებს ხვდება.
რაც შეეხება სააფთიაქო ქსელ „იმპექსს“, ის საქართველოს ბაზარზე დაახლოებით 15 წლის წინ გამოჩნდა.