სავარაუდოდ, რეფერენტული ფასების სია გაფართოვდება და მედიკამენტებს, სრულად მოიცავს, - ამის შესახებ საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტმა ლევან გოგიბერიძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, რეფერენტული ფასები მედიკამენტების, დააახლოებით, 2/3-ზე უკვე არსებობს.
"საქართველოში ისედაც მოქმედებს რეფერენტული ფასები, ანუ ფასებს ადგენს სახელმწიფო. როგორც მე მაქვს დადასტურებული ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობას იმ დანარჩენ რაოდენობაზე და აღნიშნულზეც შემოღებული იქნება რეფერენტული ფასები. აქედან გამომდინარე, ფასებზე კონტროლი არ არის ფარმაცევტული სექტორის მხარე, ამას გვიდგენს სახელმწიფო. არ ვიცი რა შემოთავაზებები იქნება და რა საშუალებას ნახვას სახელმწიფო, რომ კიდევ რაიმე ცვლილებები იყოს.
ჩვენ სექტორმა თანხმობა განვაცხადეთ და დავიწყეთ იმ რეჟიმში მუშაობა, რასაც რეფერენტული ფასები ჰქვია და გააგრძელებს მუშაობა. აქ არის მეორე საკითხი, თუ საუბარია არასამკურნალო საშუალებებზე, რომელსაც ეს რეგულაცია არ ეხება - ეს არის მოვლის საშუალებები, ბავშვთა კვების და ა.შ. იქ არ ვიცი რა რესურსია და რას ნახავს სექტორი, რომ ფასები დაიწიოს. ვნახოთ", - აცხადებს ლევან გოგიბერიძე.
შეგახსენებთ, რომ პრემიერმა 2025 წლის ბოლოს განაცხადა, რომ სასურსათო პროდუქტებზე ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც დიდია.
მთავრობის მეთაურის თქმით, ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს. პრემიერმა აღნიშნა, რომ მოგების მაღალი მარჟის პირობებში, კომპანიები მარკეტების ქსელს სწრაფად აფართოებენ.
მისივე თქმით, წინასწარი ანალიზის საფუძველზე, შეიძლება გამოიკვეთოს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომელიც მაღალ ფასნამატს და შესაბამისად, მაღალ ფასებს განაპირობებს. მათ შორის, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ.
ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით შექმნილია სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. პირველი სხდომა 20 იანვარს გამართა. 21 იანვარს კი, კომისიის წარმომადგენლები პროდუქტის მაღალ ფასებთან დაკავშირებით სუპერმარკეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 22 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე ათეულ სადისტრიბუციო და სასურსათო პროდუქტის რეალიზაციის ქსელში შევიდნენ და დოკუმენტაცია მოითხოვეს. 23 იანვარს "ფასების სამთავრობო კომისიამ" შეხვედრა დისტრიბუტორებთან გამართა.
26 იანვარს მარკეტების და დისტრიბუციის შემდეგ "ფასების სამთავრობო კომისია" მწარმოებლებს შეხვდა. დღეს კომისია ფარმაცევტებს ხვდება.