ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია დღეს ფარმაცევტულ სექტორთან გამართავს შეხვედრას.
აღნიშნული კომისია სურსათის ფასების დარეგულირების მიზნით შეიქმნა, თუმცა მისი მანდატი მალევე გაფართოვდა და ითქვა, რომ კომისია მედიკამენტებისა და საწვავის ფასებსაც შეისწავლის.
ფასების კლების რა მექანიზმები იქნება განხილული კომისიაზე, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ფარმაცევტული ბაზარი ქვეყანაში ერთ-ერთი საკმაოდ რეგულირებადი ბაზარია და ბოლო წლებში ამ კუთხით არაერთი ცვლილება ამოქმედდა. ამ ცვლილებებს დადებითი გამოხმაურება მოჰყვა არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ საექსპერტო წრეების მხრიდან, თუმცა ეს უკანასკნელნი აღნიშნავენ, რომ მედიკამენტების წილი მოსახლეობის მიერ ჯანდაცვაზე გაწეულ ხარჯებს შორის ისევ მაღალია. ამასთან, მათივე თქმით. რეგულაციების ამოქმედების შემდეგ მედიკამენტების შემცირებულმა ფასებმა ისევ ზრდა დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის იანვარში ძალაში შევიდა რეფერენტული ფასების სისტემა, შედეგად, მედიკამენტებზე დადგინდა ფასის ის მაქსიმალური ზღვარი, რომელზე ძვირადაც აფთიაქი წამალს ვეღარ ყიდის. დღეისათვის ამ სიაში 7500-ზე მეტი მედიკამენტია შესული.
მთავრობის მონაცემებით, რეფორმამ ფასები 40-დან 70%-მდე გააიაფა.
კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით კი, რეფერენტული ფასების შემოღების შედეგად, პაციენტების წლიურმა დანაზოგმა მედიკამენტებზე 2024 წელს, დაახლოებით 110-115 მილიონი დოლარი შეადგინა.
კიდევ ერთი რეფორმა, რომლის მიზანიც წამლების გაიაფება იყო, თურქეთის ბაზრის გახსნაა. ის პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, 2022 წლის დასაწყისიდან ამოქმედდა. შედეგად, თურქეთში წარმოებული მედიკამენტების რეგისტრაცია-შემოტანის პროცესი გამარტივდა და, ჯანდაცვის სამინისტროს მაშინდელი მონაცემებით, თურქეთიდან შემოსული მედიკამენტების ფასები 70-80%-ით შემცირდა.
უწყების ცნობითვე, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად საქართველოს მოსახლეობა ყოველწლიურად დაახლოებით 200 მილიონ ლარამდე დაზოგავს.
მედიკამენტების ბაზარზე, მაღალ ფასებთან დაკავშირებით რამდენიმე მოკვლევა ჩაატარა კონკურენციიოს სააგენტომ. ბოლო ასეთი კვლევის შედეგი იყო 4 ფარმაცევტული კომპანიის დაჯარიმება, რომლებიც სააგენტომ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებასა და 14 მედიკამენტზე ჭარბი ფასის დაწესებაში ამხილა. ორმა კომპანიამ ჯარიმების გადახდა უკვე დაიწყო.
სააგენტომ მიერ ფარმაცევტული ბაზრის ყველაზე რეზონანსული კვლევა კი ეხებოდა ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებს 2021-2023 წლებში. შედეგად, 4 კომპანია 53 მილიონი ლარით დაჯარიმდა. საუბარია ისეთ მსხვილ კომპანიებზე, როგორიცაა „ავერსი“, „გეფა“, „პსპ“ და „მერმისი“. აღნიშნულ კომპანიებს ამ ჯარიმის გადახდა ჯერ არ დაუწყიათ, რადგან კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება სასამართლოში აქვთ გასაჩივრებული.
ასევე არსებობს მედიკამენტების სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო ქრონიკულ მედიკამენტებს აფინანსებს. ასევე ამოქმედდა ძვირადღირებული ონკოლოგიური წამლების პირდაპირი წესით შესყიდვა უშუალოდ მწარმოებლებისგან, რამაც ამ მედიკამენტების გაიაფება გამოიწვია. ამ მიზნით ხელშეკრულებებია გაფორმებული მსოფლიოს ლიდერ ფარმაცევტულ კომპანიებთან, როგორიცაა „როში,“ „ასტრაზენეკა,“ „ნოვარტისი“ და სხვები.
მთავრობის მიერ მოყვანილი უახლესი სტატისტიკით, ზოგადად, ჯანდაცვაზე მოსახლეობის ჯიბიდან გადახდები 2012 წლის შემდეგ 73%-დან 41%-მდე შემცირდა. თუმცა სწორედ მედიკამენტები სახელდება იმ მიმართულებად, სადაც ჯიბიდან გადახდები მაინც ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.
ფასებთან დაკავშირებით შექმნილი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის წევრები არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.
jandacva.ge