საუბარი იყო იმაზე თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ადგილობრივი წარმოება წახალისდეს, რადგან ადგილობრივი წარმოება სტრატეგიული მიმართულებაა, - ამის შემდეგ საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მარგველაშვილმა პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულის გარდა შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ მნიშვნელოვანია სამართლიანი ფასის არსებობა, რათა აღნიშნულმა გავლენა არ მოახდინოს შესაძლო დეფიციტზე ან ხარისხის ვარიაციაზე.
"უნდა იყოს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ფასი. ამ მიმართულებით, ყველა შევთანხმდით, რომ რეფერენტული ფასწარმოქმნის პროგრამა უნდა გაფორმდეს და გაფართოვდეს ძალიან ნელ-ნელა და ყურადღებით, რადგან გავიზიაროთ ის გამოცდილება, რომელიც გვქონდა წინა პერიოდში, რათა თავიდან ავირიდოთ ნებისმიერ შესაძლო დეფიციტი. სწორად წარმართული რეფერენტული ფასწარმოქმნა დეფიციტს არ წარმოშობს.
ასევე, საუბარი იყო სხვადასხვა ტიპის მექანიზმების განვითარებაზე. მაგალითად, ბოლო პერიოდში არის შემთხვევები, როდესაც სახელმწიფო პირდაპირ ყიდულობს ზოგიერთ ძვირადღირებულ მედიკამენტს მძიმე ქრონიკული დაავადებებისთვის და ესეც მექანიზმია ფასების დაწევის. საბოლოო ჯამში, მექანიზმები არსებობს", - აცხადებს ირაკლი მარგველაშვილი.
შეგახსენებთ, რომ პრემიერმა 2025 წლის ბოლოს განაცხადა, რომ სასურსათო პროდუქტებზე ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც დიდია.
მთავრობის მეთაურის თქმით, ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს. პრემიერმა აღნიშნა, რომ მოგების მაღალი მარჟის პირობებში, კომპანიები მარკეტების ქსელს სწრაფად აფართოებენ.
მისივე თქმით, წინასწარი ანალიზის საფუძველზე, შეიძლება გამოიკვეთოს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომელიც მაღალ ფასნამატს და შესაბამისად, მაღალ ფასებს განაპირობებს. მათ შორის, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ.
ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით შექმნილია სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. პირველი სხდომა 20 იანვარს გამართა. 21 იანვარს კი, კომისიის წარმომადგენლები პროდუქტის მაღალ ფასებთან დაკავშირებით სუპერმარკეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 22 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე ათეულ სადისტრიბუციო და სასურსათო პროდუქტის რეალიზაციის ქსელში შევიდნენ და დოკუმენტაცია მოითხოვეს. 23 იანვარს "ფასების სამთავრობო კომისიამ" შეხვედრა დისტრიბუტორებთან გამართა.