უცხოელი ტურისტების მხრიდან ფიქსირდება უფრო მაღალი აქტივობა, მათი წილი დაახლოებით, 70%-ია. განსაკუთრებული აქტივობა დაფიქსირდა ინდოეთიდან, ისრაელიდან, რუსეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ჩამოსული სტუმრების მხრიდან და ა.შ, - ამის შესახებ წალკაში მდებარე სასტუმრო კომპლექსის Kass Land-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ეთი ბეკურაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ვიზიტორთა რაოდენობა სეზონების მიხედვით იცვლება.
"2025 წელი Kass Land-ისთვის მნიშვნელოვანი განვითარებისა და ზრდის წელი იყო. ვიზიტორთა რაოდენობა გახსნის დღიდან საგრძნობლად გაიზარდა, რაც ადასტურებს ჩვენი პროექტის მზარდ პოპულარობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. საინტერესოა, რომ არასეზონურ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა უფრო მაღალი იყო, ხოლო სეზონზე მაჩვენებელი თითქმის უცვლელი დარჩა. ეს განსხვავება უმეტესად ამინდისა და ბუნებრივი პირობების გავლენით არის განპირობებული.
Kass Land-ის სივრცეს დაემატა სასტუმრო, რომელიც მოიცავს აუზსა და სპა-ზონას,საკონფერენციო დარბაზებს. გაიხსნა ატრაქციონების პარკი ყველაზე გრძელი კარტინგის ტრასით, რაც ჩვენი ობიექტის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად იქცა.შესაბამისად ვიზიტორებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ ერთდღიანი ან რამდენიმედღიანი ვიზიტით. უფრო მეტად გვყავს ერთდღიანი ვიზიტორები დაცული ტერიტორიის მიმართულებით და რამდენიმედღიანი ვიზიტორები განთავსების მიმართულებით", - აცხადებს ეთი ბეკურაშვილი.
მანვე აღნიშნა, რომ Kass Land-ი მომხმარებლებს სიახლეებს მუდმივად სთავაზობს და 2026 წელს ატრაქციების პარკის განვითარება, დამატებით წყლის და მშრალი გიგანტური ბატუტების პარკის მოწყობა იგეგმება.
ცნობისთვის, წალკის მუნიციპალიტეტში სოფელ დაშბაშში, დაცულ ტერიტორიაზე KASS LAND-ი ისრაელური კომპანია Kass Group-ის ინვესტიციით 2022 წლის ივნისში გაიხსნა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 120 მლნ ლარია.