სინგაპურის გლობალური და ფინანსური ტექნოლოგიების ქსელი (GFTN) საქართველოში გამართული საერთაშორისო ღონისძიების - „თბილისის ფინანსური სამიტის“ შესახებ ანგარიშს აქვეყნებს და სამიტის ფარგლებში გამართული დისკუსიების ძირითად საკითხებს აჯამებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ „თბილისის ფინანსური სამიტი“ გახდა ერთგვარი საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც ფინტექ ინდუსტრიისა და ფინანსური სექტორის წარმომადგენლებს მომავლის ფინანსურ ტექნოლოგიებზე, ინოვაციური ინფრასტრუქტურის განვითარებასა და „შუა დერეფნის“ როლზე, როგორც გლობალური ვაჭრობის მნიშვნელოვან ჰაბზე, მსჯელობის შესაძლებლობას აძლევს.
„სამიტმა ხელი შეუწყო საქართველოს ფინანსური ეკოსისტემის მიმართ საერთაშორისო ინტერესის გაღრმავებას და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას“, - აღნიშნავს გლობალური და ფინანსური ტექნოლოგიების ქსელი.
ანგარიშის თანახმად, ფინანსური სერვისების ინფრასტრუქტურა ბუნებრივად მიჰყვება სავაჭრო ნაკადებს. „შუა დერეფნის“ განვითარება კი ზრდის ტრანსსასაზღვრო გადახდების, სავაჭრო დაფინანსებისა და ანგარიშსწორების თანამედროვე გადაწყვეტების საჭიროებას, რაც საქართველოს შავი ზღვის რეგიონში რეგიონული ფინანსური აქტივობის კონცენტრაციის შესაძლებლობას აძლევს.
სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს პოზიციონირებას შავი ზღვის რეგიონში და იმ შესაძლებლობებს, რაც ქვეყანას აქვს ტრანსსასაზღვრო გადახდების, სავაჭრო დაფინანსებისა და ციფრული ფინანსური სერვისების განვითარების მიმართულებით. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ აღნიშნული პროცესები „შუა დერეფნის“ მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის.
„თბილისის ფინანსური სამიტი“ გასულ წელს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და GFTN-ით თანაორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიებაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ფინტექ ინდუსტრიისა და ფინანსური სექტორის ლიდერები, მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები და ექსპერტები მონაწილეობდნენ.